საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 2014 წლის 15 იანვარს, ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისათვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო. დოკუმენტს 16 იანვარს, ასევე, მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა (72 ხმა 26 ხმის წინააღმდეგ).
2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტით (კანონპროექტის #7170 თავი) გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები წარიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან “აღმოსავლური პარტნიორობის” ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება.
კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტებს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საგარეო დახმარების ზოგადი შემცირების ტენდენციის ფონზე, ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარება საკმაოდ მოცულობითია და 2014 წლისათვის ის 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვაშინგტონი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან მოკავშირედ და სტრატეგიულ პარტნიორად.
2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი აშშ-ს სამთავრობო პროგრამების განხორციელებისათვის 1,012 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.
კანონპროექტი, 1,582 გვერდს მოიცავს და 12 კანონპროექტს აერთიანებს.