ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სახალხო ფოლკლორული ანსამბლი “გურია” ქართული ხალხური სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია. ანსამბლის შემოქმედებით მიღწევებზე ის უამრავი ჯილდო და სიგელი მეტყველებს, რომელიც მათ დაარსებიდან დღემდე აქვთ მიღებული. მაგრამ, ამჟამად ჩვენი წერილის თემა არის ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების კლასიკური ნიმუში “ხასანბეგურა”, რომლის ბრწყინვალე შემსრულებელთა შორის არის ანსამბლი “გურია”.
ამ შესანიშნავი სიმღერის შექმნის ისტორია დაკავშირებულია “ნიგოეთის” ბრძოლასთან. ე.წ. ყირიმის ომის დროს (1853-56 წწ) 1854 წელს, თურქებმა ფართო ფრონტით დაიწყეს შეტევა ანაკლიიდან, ბათუმიდან და სოხუმიდან. თურქთა ბათუმის კორპუსს, რომელსაც სელიმ ფაშა მეთაურობდა, ოზურგეთ-ქუთაისის გავლით, თბილისის მიმართულებით უნდა ემოქმედა. სოფელ ნიგოითთან (ლანჩხუთი), ქუთაისისკენ მიმავალ გზას იცავდა პოლკოვნიკი ერისთავი, 3000-კაციანი რუსულ-ქართული ჯარით. მტრის 12000-იანი რაზმი ოზურგეთიდან სოფ. ნიგოითისკენ გაემართა. თურქებთან იყო რენეგატი ჰასანბეი თავდგირიძეც. 27 მაისს (ძვ.სტილით) ერისთავი მოულოდნელად თავს დაესხა მტერს და ხელჩართული ბრძოლა გაუმართა. თურქებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და უკუიქცნენ, რუსთა რეგულარულმა ჯარმა და ქართულმა მილიციამ მტერი დაამარცხა. თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 3000 მებრძოლი დაკარგეს, ერისთავის რაზმმა _ 600. ნიგოითის ბრძოლამ საშუალება მისცა გენერალ ანდრონიკაშვილს (ერეკლე II შვილიშვილი) ოზურგეთისკენ დაძრულიყო.Mმტერმა მიატოვა ქალაქი ოზურგეთი და მდინარე ჩოლოქის მარცხენა მხარეს დაბანაკდა.
ამ ბრძოლაში აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხმლის ერთი მოქნევით თავი მოჰკვეთა ჰასანბეი თავდგირიძეს, რომელიც თურქულ ლაშქარს მოუძღოდა გურიაში. ყოველივე ეს სიმღერა-შედევრის _ “ხასანბეგურას” შექმნის საფუძველი გახდა. სიმღერის შესახებ შესანიშნავად წერს თავის შრომებში ფოლკლორისტი, პროფესორი გრიგოლ ჩხიკვაძე (მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მამა): “გავრცელებულია აჭარასა და გურიაში, სიმღერაში მონაწილე ხმებს ახასიათებს მდიდარი მელოდიური განვითარება, ურთიერთშორის ურთულესი კონტრაპუნქტული შეხამება. თითოეულ ხმას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნაწარმოების შექმნაში. აღსანიშნავია სიმღერის ორიგინალური აღნაგობა, მას შენაცვლებით ასრულებენ ტერცეტი (მთქმელი, კრიმანჭული და ბანი) და ორხმიანი გუნდი (მთქმელი და ბანები).
“ხასანბეგურას” მრავალი ვარიანტი არსებობს. ფოლკლორული ანსამბლი “გურია” ვლადიმერ (ლადიმე) ბერძენიშვილის მიერ რედაქტირებულ ტექსტს მღერის:
“ხასანბეგი თავდგირიძე, გარისხული ღვთისგან ერთი,
თათრის ფაშობა იშოვა, სულ მთლად დეივიწყა ღმერთი.
შეკვეთილში მიაწია, ძახოდა ოლანგეთი,
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ, მერე ჩვენ გვიყუროს ერთი.
ჩვენ გახლავართ გურულები, ბრძოლა გვქონდა შუხუთ-ფერდში,
მტერი ისე დავამარცხეთ, მთხრობლად არ გავუშვით ერთი.
ხასანბეგი თავდგირიძე თავმოჭრილი დავინახე,
რადგან ჩემი ძმაი იყო, ბოლოს მაინც მე დავმარხე”.
მქონდა პატივი დავსწრებოდი ანსამბლის რეპეტიციას, დაიწყო “გურიამ” “ხასანბეგურა” და თითქოს გაცოცხლდა ნიგოითის ომის გმირული ეპიზოდები.ეს არის სიმღერა კაცობაზე, პატრიოტიზმზე, მართლმადიდებლურ სიყვარულსა და გულმოწყალებაზე.
მინდა ჩამოგითვალოთ ის მომღერლები, ნამდვილი ოსტატები თავიანთი საქმისა, რომლებიც ანსამბლ “გურიას” შეადგენენ:
ანსამბლის ხელმძღვანელი: ავთო მახარაძე.
I ხმა _ მურმან ბუბუტეიშვილი, დემურ ვაჩეიშვილი, ავთო მახარაძე; II ხმა _ დათო ჟორჟოლიანი, ავთო მეფარიშვილი, გიზო მახარაძე, ზურაბ მეფარიშვილი, გელა ცინცაძე; III ხმა _ ვაჟა სიხარულიძე, ჯემალ ნაკაშიძე, არსენ დუნდუა, გურამ კოროშინაძე, ოთარ ცინცაძე, მერაბ ცინცაძე.
რეპეტიციიდან გამოსულს, სადღაც ამოკითხული ფრაზა ამეკვიატა: _ “ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი”.