შეთანხმების მიზანია მხარეებმა ხელი შეუწყონ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას და ერთობლივად აღმოფხვრან ნებისმიერი დაბრკოლება, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ნაოსნობა საქართველოსა და კორეის ნავსადგურებს შორის.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის საზღვაო აკადემიებს შორის კოოპერაციაზე, ასევე საქართველოსა და კორეის დროშების ქვეშ მცურავ გემებს შორის პარიტეტულ საწყისებზე თანამშრომლობაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, რომ ქართველმა კურსდამთავრებულებმა სტაჟირება კორეაში გაიარონ. შეხვედრაზე ასევე წარიმართა საუბარი ტურიზმზე, კორეელი ინვესტორების შესაძლო მონაწილეობაზე საქართველოში ღრმაწყლიანი პორტის მშენებლობასა და ადგილობრივი გემთშენებლობის პოტენციალის განვითარებაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეზღვაურთა განათლების სისტემის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, მეზღვაურთა დასაქმებაზე და ამ მიმართულებით კორეის გემთფლობელებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
კორეის საოკეანო და თევზჭერის მინისტრი ჯინსუკ იუნი საქართველოს დღეს ეწვია.
კორეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ასევე ჩამოვიდნენ ამ ქვეყნის გემთფლობელთა ასოციაციისა და საზღვაო ინსტიტუტის წარმომადგენლები. 21 იანვარს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრების გამართვა ექსპერტთა დონეზე. ასევე, ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს კორეის საზღვაო ინსტიტუტსა და სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის.