“დევნილი მთავრობისთვის აუცილებელია თავის ხალხთან ყოველდღიური ურთიერთობა. ოპტიმიზაციის პროცესი სწორედ ხალხთან მჭიდრო კავშირს ემსახურება. რაც შეეხება კონკურსს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ემოციური იყო, მაგრამ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულად ჩატარდა”.
ყოლბაია აცხადებს, რომ ოპტიმიზაციის შედეგად კადრების 70% ვაკანტურად გამოცხადდა, შესული იყო უამრავი განცხადება და შერჩეულ იქნა პროფესიული კადრები, რომელთა არსებობაც ხელს შეუწყობს დაგეგმილი ცვლილებების სწორად განხორციელებას და მომავალში ახალი საკითხების დაყენებას.
“ჩემთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ 600 განცხადებიდან აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებით დარჩა 146 კანდიდატი, შემდგომ ეტაპზე გადავიდა 55, ხოლო ამ 55 მაძიებლიდან კონკურსის პირველი ეტაპი გაიარა მხოლოდ ექვსმა. ამ ესვსი კადრიდან სამი ახალია, ხოლო სამი ძველი კადრია, რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა. ის, რომ მაძიებელთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, ნამდვილად არ არის კონკურსის მსვლელობის დროს რაღაც ხარვეზების შედეგი, ეს ალბათ უფრო მომზადების შედეგია. სხვათაშორის უკვე ბევრმა გააცნობიერა ეს და პირადად მოვიდა ჩემთან სასაუბროდ და ბოდიშის მოსახდელად”.
სტრუქტურაში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს ოპტიმიზაციის შედეგად ორი სამინისტროს შერწყმა. გაუქმდა ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროები და მათ ბაზაზე შეიქმნა ერთი სტრუქტურა-ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო. ყოლბაიას განცხადებით წინა სამინისტროებში დასაქმებული იყო 103 კარდი, რაც გაბერილი შტატების შთაბეჭდილებას ტოვებდა.
“ყველა ის ადამიანი, რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა ამ გაერთიანების შედეგად, ორი თვის განმავლობაში იღებს კონპენსაციას, ორი თვის მერე კი გამოცხადდება ახალი კონკურსი და ამ ადამიანებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. ასეთ დროს მათი შანსები უფრო იზრდება, რადგან თუ იყო რიგითი თანამშრომელი, კონკურსის გავლის შემდეგ შესაძლებელია უფრო მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს”.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა კონკურსი იქნება აფსოლუტურად გამჭვირვალე და სამართლიანი, აქვე აფრთხილებს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დაინიშნენ სხვადასხვა ადგილებზე, რომ მათ აქვთ ორი თვე მოემზადონ საკონკურსო შერჩევისთვის და უფრო დაიმკვიდრონ ადგილები კანონიერი კონკურსის გავლის შემდეგ.
ყოლბაიას თქმით, აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურები ამ დრომდე ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა აფხაზეთის მთავრობა გახდეს მოთხოვნადი და არ იყოს დასაყვედრებელი ის ხელფასი, რასაც თანამშრომლები იღებენ.