ექსპერტების თვალსაზრისით, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობა ჯერ კიდევ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და სრულყოფას. სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინაციის დაბალი დონე, გადაწყვეტილების არაოპერატიულობა, გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების პრობლემა განაპირობებს რიგ ხარვეზებს, რომლებზე რეაგირების გარეშეც საინვესტიციო აქტივობის ზრდის მიღწევა სამომავლოდ შეუძლებელი გახდება.
“დღეს სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არსებული სირთულეები და უწყებათშორისი კოორდინაციის პრობლემა განაპირობებს მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტებისთვის სახელმწიფო უწყებების მხრიდან მხოლოდ მინიმალურ ხელშეწყობას. ხოლო რიგ შემთხვევებში, ხელშეწყობის ნაცვლად, პროექტები და ინვესტორები აწყდებიან გარკვეული ბიუროკრატიულ ბარიერებს და რთულად დაძლევად წინააღმდეგობებს. შესაბამისად, ერთი ინვესტორისთვის შექმნილი ბიუროკრატიული ბარიერი თუ რთულად გადასალახი წინააღმდეგობა, ნეგატიურ გავლენას ახდენს სხვა დარგში, სხვა ინვესტორის გადაწყვეტილებაზე დაიწყოს ან გააფართოვოს ბიზნესი”, _ ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა” ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე.
ექსპერტები პრემიერ-მინისტრს “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს” შექმნას სთავაზობენ, რომელიც შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისაგან დაკომპლექტდება. მათი აზრით, სწორედ ამ ფორმატში უნდა მოხდეს საინვესტიციო პრიორიტეტებსა და პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების საქმიანობისა თუ გადაწყვეტილებების მიღების კოორდინაცია, მსხვილი და სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი.
“მოგმართავთ წინადადებით, თქვენი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნას “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭო”, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების პირველი პირებისაგან. აგრეთვე, საბჭომ არა მხოლოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ამა თუ იმ მსხვილი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ, არამედ უნდა განახორციელოს ამ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მონიტორინგი და პროექტების მიმდინარეობის პროცესში ჩართული შესაბამისი სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობის კოორდინაცია. შესაბამისად, აღნიშნული სახელმწიფო კომისია აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო უფლებამოსილებით. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საინვესტიციო პროექტებისთვის ნებისმიერ ხელისშემშლელ ან შემაფერხებელ გარემოებებზე “სახელმწიფო საინვესტიციო საბჭომ” უნდა ახდენდეს დაუყოვნებლივ, მყისიერ რეაგირებას და საინვესტიციო პროექტის მიმდინარეობის ხელისშემშლელი ან შემაფერხებელი გარემოებების აღმოფხვრას.
საქართველოში მსხვილი და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, სპეციალური სახელმწიფო კომისიის საქმიანობის პრაქტიკა საქართველოში არსებობს და საკმაოდ წარმატებულიც. ამის მაგალითად, შეიძლება დასახელდეს თუნდაც მხოლოდ ისეთი პროექტები, როგორებიც იყო ბაქო-სუფსა, ბაქო-ჯეიჰანი და შაჰ-დენიზი.
იმედს გამოვთქვამთ, რომ გულდასმით განიხილავთ ჩვენს წინადადებას და ინიციატივას და თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ერთის მხრივ, ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე ორიენტირებული და მეორეს მხრივ, მაქსიამალურად გაზრდის ამ მხრივ სახელმწიფო ინსტიტუციების საქმიანობის ეფექტურობას”, _ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ექსპერტები ავრცელებენ
Developed By Web Features 2024 © All rights reserved