“გურია ნიუსი” არა ერთხელ წერდა ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებებში არსებული პრობლემების შესახებ. ამჯერად დახმარებისთვის ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში მომუშავე მედპერსონალმა მოგვმართა _ როგორც ისინი ამბობენ, რამდენიმე თვეა, კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ.
_ აპრილიდან არ აგვიღია ხელფასი, რომელიც ისედაც დაბალი გვაქვს: ექთანს _ 75 ლარი, ამცრელ ექთანს _ 30 ლარი. ამასაც რომ არ მოგცემენ ოთხ თვეს, რით უნდა ვიარსებოთ? იქნებ, თქვენ გაარკვიოთ და გაგვაგებინოთ, რაშია საქმე? თუ საერთოდ სახლში გვიშვებენ, გვითხრან პირდაპირ და ჩვენ თვითონ წავალთ! _ ამბობენ ექთნები.
_ ძველი, 2002 და 2003 წლის დავალიანებები, რამდენიმე თანამშრომელს არც აგვიღია. ბევრმა მიიღო, ესე იგი, შესაძლებელი ყოფილა გაცემა. პრეზიდენტმა იცის, ეს რომ ხდება? ნებისმიერ პაციენტს თუ ახალშობილს პირნათლად ვემსახურებით, მაგრამ რა? არ ვიცით, სექტემბრიდან რა გველოდება, მაგრამ არც ერთი არ ჩავიგუბებთ პირში წყალს და მოვითხოვთ, ჩვენი სახელფასო დავალიანება დაგვიფარონ. სადაზღვევო კომპანიებიდან ძალიან მწირი ანაზღაურება გვიწევს, ყველაზე დიდი _ 15 ლარი თვეში, ანუ მთლიანად დამოკიდებულნი ვართ ამ სახელმწიფო ხელფასზე.
_ თქვენს დირექტორს მიმართეთ?
_ ჩვენმა დირექტორმა არ იცის, რომ ხელფასები არ დაურიგებია? არ იციან, რა დღეში ვართ? მაგრამ კონკრეტულ პასუხს არავინ გვცემს. სიმართლე გითხრათ, ალბათ, არც მაგათ იციან, რა ხდება. ერთხელ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხელფასი უნდა აღემატებოდეს 115 ლარს. ერთ დღეს ისე გავმწარდით, განცხადებების დაწერა თავად დავაპირეთ, რომ სამსახურიდან წავსულიყავით. საქმე ძალიან ბევრი გვაქვს, ჩვენთვის არც შაბათი არსებობს და არც _ კვირა. ბევრს გვთხოვენ და ხელფასს კი არ გვაძლევენ. ეს არ არის ადამიანების უფლებების დარღვევა? თითოეულმა თანამშრომელმა გავიარეთ გადამზადება, ვართ ოჯახის გადამზადებული ექთნები, ჩავაბარეთ გამოცდები, ავიღეთ სერტიფიკატები, თუმცა, არაფერი არ გაუმჯობესებულა, პირიქით, უკან-უკან მივექანებით.
მარინა კოროშინაძე, ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების გამგე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელფასი ოთხი თვეა, არ მიუღიათ:
_ უფრო კონკრეტული პასუხი ქალბატონმა მანანა კოპლატაძემ უნდა გაგცეთ _ ის იყო ჩვენი ხელმძღვანელი. სულ ორი კვირაა, რაც ოზურგეთის კლინიკურ საავადმყოფოს შევუერთდით.
_ ქალბატონო მარინა, თქვენი აზრით, რა არის ხელფასების დაგვიანების მიზეზი? თუ მიმართეთ ვინმეს?
_ არავისთვის არ მიმიმართავს და არც ის ვიცი, რა უნდა იყოს ხელფასის გაუცემლობის მიზეზი.
ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს უფროსის მოადგილე პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ დარგში, მანანა კოპლატაძე:
_ გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. ახლაც მაგის თაობაზე ვიყავი სოციალურ სააგენტოში. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც დარღვეულია _ ყოველ თვეში უნდა ჩამოირიცხოს თანხა. მიზეზად ბაზების დადგენას ასახელებენ.
ოზურგეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, კახა ასკურავა “გურია ნიუსთან” სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს:
_ ხელფასების ჩამორიცხვა ჩემზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. მე დოკუმენტაციას ვუგზავნი შესაბამის სამსახურებს და ისინი რიცხავენ ხელფასებს. გუშინ გადავურიცხე ორი თვის ხელფასი _ აპრილის და მაისის.
_ ბატონო კახა, ჩვენ გეკითხებით პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ განყოფილებაში მომუშავე მედპერსონალზე, სადაც ექთნებს 75 ლარი აქვთ ხელფასი და უკვე ოთხი თვეა, ისიც არ მიუღიათ. თუ ხართ ინფორმირებული ამის შესახებ?
_ თვეში 75 ლარი _ იცით, რატომ არის ასეთი ხელფასი? გამომუშავება აქვთ მცირე. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით _ ხელფასის მიცემა მხოლოდ მაშინ შემიძლია, როცა ისინი გაატარებენ ისეთ პაციენტს, რომელიც საავადმყოფოში შემოსვლისას ადგილზე გადაიხდის მომსახურების თანხას, დანარჩენი 80% კი ჩამორიცხვით ემატება და ასე ხდება ხელფასის გასტუმრება. სადაზღვევო კომპანია “ალფა” არ აგვიანებს იმიტომ, რომ ხელშეკრულება გაფორმებული არის თვენახევრიან ვადაზე. მაქსიმუმ, ერთი კვირა დააგვიანონ. რაც შეეხება სახელმწიფო ხელფასებს, მხოლოდ ახლა შეიქმნა პრობლემა. მე აქ ექვსი თვეა ვმუშაობ და პრობლემა ამ დრომდე არ ყოფილა. პოლიკლინიკის ამბავს ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან 20 დღეა, რაც შემოგვიერთდა. თუმცა, ვნახოთ, რას იტყვის პოლიკლინიკის ყოფილი დირექტორი.
მანანა კოპლატაძემ კახა ასკურავასთან საუბარში დაადასტურა, რომ პოლიკლინიკის თანამშრომლებს ოთხი თვის ხელფასი არ აქვთ აღებული.
კახა ასკურავა: მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ და არც გავურბივარ, მაგრამ არ ვიცი, რა იყო მანამდე. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქალბატონ მანანას ყველაფერი წესრიგში აქვს, უბრალოდ, დაგვიანდა ჩამორიცხვა. მთავარია, ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ პირნათლად და არ დავაგვიანოთ დოკუმენტაციის მოწესრიგებულად გადაგზავნა შესაბამის სამსახურში, საიდანაც ვღებულობთ დაფინანსებას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრის უფროსის მოადგილე, ლევან ბაიაჯანი “გურია ნიუსთან” საუბარში განმარტავს, რომ მედპერსონალმა, რომელსაც ხელფასი არ აუღია, პირველ რიგში, უნდა მიმართოს დირექტორს, რომელიც განუმარტავს, რაშია საქმე:
_ თანხების შეფერხება გამოიწვია ცვლილებებმა ჩვენ სისტემაში _ როდესაც შევუერთდით სოციალური სუბსიდიების სააგენტოს, შეიცვალა ფორმები და ლიმიტები, ანაზღაურების წესები და ცოტა შეფერხებები არის. ძირითადი მიზეზი იყო ეს გარდამავალი პერიოდი. ახლა თითოეული მოქალაქის პირადი ნომრითა და მონაცემებით ხდება ანგარიშების წარმოდგენა. ძალიან გაჭირდა პირადი ნომრების მოპოვება, მისამართების და სახელობითი სიის დადგენა, ამან დრო წაიღო. ჩვენ უნდა დავამუშაოთ და შევიყვანოთ პროგრამაში, მერე თბილისში უნდა გადაამოწმონ. ახლა უკვე დალაგებულია ყველაფერი. აგვისტოში ყველა დავალიანებები გასწორდება. ყველა რეფორმას ახლავს რაღაც ხარვეზი, თორემ სახელმწიფოს ნამდვილად არ უჭირს.
_ როგორც პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილების ექთნები ამბობენ, 2002-2003 წლის სახელფასო დავალიანება ნაწილს აღებული აქვს, ნაწილს კი დღემდე არ აუღია.
_ “ვარდების რევოლუციამდე” იყო დავალიანებები. დარჩა გარკვეული ნაწილი, ნაწილმა აიღო. ხელფასის გაცემა უკვე არის დამოკიდებული ადმინისტრაციაზე, მის მენეჯმენტზე, ჩვენ შესრულებული სამუშაოსთვის დაწესებულებას ვაძლევთ თანხას, თუმცა, რაში გამოიყენებს ამას ის დაწესებულება, ეს ჩვენ აღარ გვეხება. თუ ჰქონდა საშუალება დირექტორს, შეეძლო გაეცა. ზოგ თანამშრომლისთვის რომ მიეცათ ძველი ხელფასი, ალბათ, მოახერხეს, ზოგისთვის კი _ ვერა. ყველაფერი ერთბაშად ვერ გასწორდებოდა.
ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი, დათო მდინარაძე კი ამბობს, რომ არსებობს შიდა სტანდარტი და არსებობს კომპანიების მიერ ჩამორიცხული ფული:
_ რას ნიშნავს შიდა სტანდარტი? როცა ავადმყოფი ან მისი პატრონი იხდის სალაროში ნაღდ ფულს. ჩვენ ამის დავალიანება არ გვაქვს, ანუ შიდა სტანდარტით ხელფასი გაცემული გვაქვს 15 ივლისის ჩათვლით. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს და მათ ჩამორიცხვებს, “ალფამ” ჩამორიცხა, “იმედი ლ” _ არ “ჩქარობს”. სახელმწიფო კი, ფაქტობრივად, ჩვენ ხელფასს აღარ გვიხდის. ჩვენი ძირითადი დამფინანსებლები არიან ეს კერძო კომპანიები და ეს, რაც გითხარით, არ არის პატარა პრობლემა. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართო ბატონ ვასილ ხომერიკს: არასწორი იყო მისი ინფორმაცია, რომ თითქოს მთავარი ექიმი თუ დირექტორი არ არის ინფორმირებულებიო. ხომერიკი აცხადებს ან ჩემთვის მოემართათ ან მედიაციის სამსახურისთვისო. მივმართე ხომერიკს, არ არის ჩამორიცხული თანხა და რა გავაკეთო,-მეთქი, დავრეკე მედიაციის სამსახურშიც, თუმცა, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ხომერიკმა მითხრა, გასწავლი რა უნდა ქნა _ უჩივლე სადაზღვევო კომპანიებსო. ამისთვის ხომერიკს “დიდ მადლობას ვუხდი” _ ჩემ ოჯახში იურისტები ცხოვრობენ და სხვა ვერავინ მასწავლის, როგორ და ვის უნდა ვუჩივლო, _ გვითხრა მდინარაძემ.