IVF არის უშვილობის მკურნალობის ძირითადი მეთოდი, როცა დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სხვა მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება. პროცესი მოიცავს ქალის ოვულაციის პერიოდის მონიტორინგს, საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების აღებას, სპერმით მის განაყოფიერებას სპეციალურ საკვებ არეში, ლაბორატორიაში. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი (ზიგოტა) კი შემდეგ გადაიტანება პაციენტის საშვილოსნოს ღრუში გამიზნული ორსულობის მისაღებად. ეს მეთოდი პირველად ინგლისში დაინერგა. საქართველოში კი პირველად იოსებ ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტში განვითარდა და არათუ საქართველოში, ამიერკავკასიაში პირველი განყოფილებაც აქ შეიქმნა. საბჭოთა პერიოდში ეს თემა დახურულად ითვლებოდა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ამ მეთოდს იყენებენ და მიახლოებითი სტატისტიკით, დღეს მსოფლიოში ამ გზით დაბადებული 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ამ უნიშვნელოვანეს საკითხებზე ყურადღების გამახვილებამ საზოგადოებაში დიდი, თუმცა, ხანმოკლე ვნებათაღელვა გამოიწვია; არადა, ფაქტია, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ბევრი საკითხია მოუგვარებელი – თუნდაც, საკანონმდებლო კუთხით, რაც საზოგადოების მხრიდან არა დაპირისპირებას, არამედ გულდაგულ განსჯას, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას, საზოგადოების ყველა წევრის უფლებების მაქსიმალურ დაცვას უნდა ემსახურებოდეს.
“გურია ნიუსმა” რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლინიკაში, ინვიტროგანაყოფიერების სპეციალისტთან ჩაწერა ინტერვიუ. თუმცა, მოგვიანებით, ექიმი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ იგი ინტერვიუს გამოქვეყნების კატეგორიული წინააღმდეგია და, მისივე თქმით, მზადაა პროფესიაც კი მიატოვოს, თუ ეს ვინმეს რელიგიურ გრძნობებს ლახავს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ინტერვიუ მცირე შემოკლებით გამოვაქვეყნოთ, მაგრამ რესპონდენტის ვინაობას და კლინიკას არ ვასახელებთ.
_ ვთვლი, რომ რელიგიასთან ჩემი მოკრძალებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს, მყავს მოძღვარი. ჩვენი ოჯახის ახლობელი სასულიერო პირია, რომელთანაც ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობ, თუმცა, არ მინდა რელიგია, დედობა, ზნეობა ვინმემ ერთმანეთში აურიოს. არ გვინდა, რელიგიურ თემებზე დემაგოგია! სირცხვილია, რაც სოციალურ ქსელებში, მედიაში ხდება. ექიმი ვარ და მინდა ბოლომდე ექიმი ვიყო. რელიგია ჩემთვის ყველაფერია, მაგრამ შვილის ყოლის უფლებას ვერავინ წამართმევს.
ინ ვიტრო არის ერთადერთი გამოსავალი გარკვეული სიტუაციებიდან – შეგიძლია გარკვეული დახმარება აღმოუჩინო უშვილო წყვილს. როდესაც მეცნიერება ინ ვიტროსთან ერთად განვითარდა, გაიზარდა პაციენტების ჯგუფი, რომლებსაც ინ ვიტროთი შეიძლება დედობის ბედნიერება მიანიჭო. როდესაც ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედის მომწიფება სხვადასხვა მიზეზების გამო შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, ქალს ეძლევა შანსი, თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება, რათა მეუღლის სპერმითა და დონაციით მოხდეს მიღებული კვერცხუჯრედის განაყოფიერება. ანუ გენეტიკური მასალა რჩება ქმრის. დონორის კვერცხუჯრედით და მამის სპერმით მიღებული ემბრიონი გადადის დონორი დედის ორგანიზმში. მამა ბიოლოგიურად მამაა. მაგრამ, დედა არის ის ქალბატონი, რომელმაც 9 თვე მუცლით დონორის კვერცხუჯრედი ატარა და ბავშვი გააჩინა.
_ ალბათ, ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ისევე როგორც შვილის ყოლაზე უარის თქმა…
_ სანამ ქალი კვერცხუჯრედის დონაციას დათანხმდება, გამოკვლევების საფუძველზე ექიმი თავად უნდა დარწმუნდეს, რომ სხვა გამოსავალი არ არის. პაციენტი ექიმმა სრულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. ეს საკმაოდ რთული პროცესია. პაციენტი თავად ვერ მოითხოვს, რომ მას დონორი სჭირდება.
როცა მორალზე საუბრობენ, მაინტერესებს, ქალი რომელიც შვილს ტოვებს და ქალი რომელიც შვილს აიყვანს, ამ ორ შორის მორალურად, რომელი უფრო ძლიერია? ქალმა გააჩინა და შვილი ნაგავში გადააგდო. ქალმა იპოვა და გაზარდა, მორალურად ერთმანეთს როგორ შეადარებთ?! ქალს, რომელსაც აბორტი აქვს გაკეთებული, რომ გაეთავისებინა, რომ შვილი მოკლა, აბორტს ხომ არ გაიკეთებდა? დონაციას პაციენტს არავინ აძალებს. მე, როგორც ექიმმა, პაციენტს დონაცია რომ შევთავაზო, ამისთვის უნდა გავიარო საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიური გზა.
_ ინვიტრო-სდროს,სტიმულაციისას,რამდენიმე კვერცხუჯრედი მიიღება; მათი განაყოფიერებისას, ყველას გამოყენება, ცხადია არ ხდება. ამიტომ, ანადგურებენ ან ყინავენ შესანახად, რომ საჭიროების შემთხვევაში, გაალღონ. ემბრიონი ცოცხალი არსებაა. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ემბრიონის ასე განადგურებასა და აბორტს შორის?
_ სტიმულაციის მიზანია, რომ კვერცხუჯრედების რაოდენობა იყოს ბევრი და არა ცოტა. ხანდახან ემბრიონის ხარისხი არასასურველია და საჭიროა უკეთესი ამოირჩეს.
ვცდილობთ, 2 ან 3 ემბრიონი გადავიტანოთ საშვილოსნოს ღრუში. რაც დაგვრჩება, ის ყველაფერი პაციენტის ნებართვით იყინება. შეიძლება არ დარჩეს, რადგან ყველა კვერცხუჯრედი არ გაძლევს 1X1 ემბრიონს. თითოეული პაციენტისთვის გვაქვს ფორმები, სადაც ჩაწერილია, რამდენი კვერცხუჯრედი, ემბრიონი მივიღეთ, რამდენი ემბრიონი გადავუტანეთ და რამდენი შევინახეთ. ემბრიონებს წლობით ვინახავთ (ამ პროცესს “კრიოპრეზერვაცია”ქვია), სანამ პაციენტი თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას.აქ არაფერი არ არის ექიმზე დამოკიდებული _ პაციენტი თავად წყვეტს ყველაფერს. პირადად მე არ მყოლია პაციენტი, რომელსაც ემბრიონების განადგურების გადაწყვეტილება მიეღოს; პირიქით, მე მყავს პაციენტები, რომლებსაც ჰყავთ შვილები, ელოდებიან მშობიარობიდან გავიდეს ერთი წელი და ემზადებიან შემდეგი ტრანსფერისთვის. მე მათ შენახულ ემბრიონებს გამოვყინავ და კიდევ გადავუტან მუცელში. ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დედობის სურვილით არიან შეპყრობილები და ამ გოლგოთის გზას ჩემთან ერთად გადიან.
ემბრიონის განადგურება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ალბათ უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია და არა იმ სამედიცინო ცენტრებისა, რომლებშიც ჩვენ ვმუშაობთ. სხვა დაწესებულებაში რა ხდება, ამაზე მე პასუხს არ ვაგებ.
_ როგორც გაირკვა, მამაკაცდონორს შეუძლია რამდენჯერმე გახდეს დონორი. იმ შემთხვევაში, თუ ერთი დონორი მამაკაცის სპერმით რამდენიმე ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება მოხდება, შესაძლებელია თუ არა ასეთ შემთხვევაში მოხდეს ინცესტი, გენეტიკური, სისხლის აღრევა? კანონმდებლობით საქართველოში როგორ რეგულირდება ეს საკითხი?
_ კანონმდებლობის საკითხში არ ვარ კომპეტენტური, მაგრამ, როგორც ექიმი გეუბნებით, რომ ერთი დონორი მამაკაცის ორი-სამი სპერმის გამოყენება შეიძლება, ანუ ინცესტის შანსი, არცთუ ისე მაღალია. აქ საუბარია იმ კატასტროფულ შემთხვევებზე, როდესაც პაციენტს სპერმატოგენეზი პრაქტიკულად არ აქვს. რომ გითხრათ, ინცესტის ასეთი შემთხვევა, ანუ სისხლის აღრევა ხშირია, არა. ამას ჩვენ ვარეგულირებთ ექიმები ჩვენს კლინიკაში. ინ ვიტროს მეთოდმა იმდენად გააადვილა არადონორულ სპერმასთან მუშაობა (ანუ როცა არსებობს ერთი სპერმატოზოიდი და ერთი კვერცხუჯრედი), ასეთ შემთხვევაში სულაც არაა საჭირო დონორი.
_ შესაძლებელია თუ არა სუროგატი დედა, დონორი კვერცხუჯრედი და დონორი სპერმა კონკრეტულმა პირმა კომერციული მიზნისთვის გამოიყენოს? ანუ გადაიხადოს ფული, 9 თვის შემდეგ გაჩნდეს ბავშვი, რომელშიც ფული აქვს გადახდილი და გაყიდოს?
_იცით რა, ადამიანის ბოროტებას საზღვარი არ აქვს. ვიღაცამ შეიძლება საშინელება ჩაიდინოს, მაგრამ, პირადად მე, ასეთი რამე არ გამიგია.
_ კანონმდებლობით როგორ გვარდება ეს საკითხები და რა კონტროლის მექანიზმიარსებობს სახელმწიფოს მხრიდან?
_ გარდა იმისა, რომ არსებობს დოკუმენტაცია “ფორმა -100”, რომელსაც ექიმი წერს, არსებობს იურიდიული მხარე, რომელსაც სუროგაციის ცენტრი არეგულირებს ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის, როგორც კი დაორსულდება სუროგატი დედა.
_ თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ შეაფასებთ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს?
_ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას უწმინდესისა და უნეტარესის საშობაო ეპისტოლე შევაფასო _ ღმერთმა დამიფაროს ასეთი ცოდვისგან. უბრალოდ, როგორც თქვენთვის, საზოგადოების ნაწილისთვის, ჩემთვისაც საინტერესო იქნება იმ ადამიანის ვინაობის გაგება, რომელმაც რეკომენდაცია დადო დაწერილიყო საშობაო ეპისტოლე. ჩვენს პატრიარქს ქართველი ერისთვის იმდენად დიდი საქმე აქვს ჩაბარებული, რომ მას ყველა წვრილმანისთვის არ ცალია. მოდით, ვიპოვოთ მრჩეველი, რომელმაც საშობაო ეპისტოლეს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. პატრიარქმა დღეს რომ მითხრას შენს საქმიანობას თავი დაანებეო, მე უწმინდესს მივენდობი. ერთ მშვენიერ დღეს თუ დადგება საკითხი, თავი დავანებო “ინ ვიტროს” გაკეთებას, ჩემი შვილის წინაშე პასუხისმგებლობის გამო, მე ამას თავს დავანებებ. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მქონდა ბედნიერება, სიონის ტაძარში უწმიდესის ქადაგებებისთვის მესმინა…
_ ძალიან გვინდა, ჩვენი რესპონდენტი საპატრიარქოს ბიოეთიკისკომისიის თავმჯდომარე, მამა ადამიც იყოს.. თუ იგი დაგვთანხმდება, თქვენ, სპეციალისტი, რა შეკითხვას დაუსვამდით მას?
_ ერთადერთი კითხვა მექნება: დედობის უფლების მინიჭება ვისი გადასაწყვეტია _ მარტო უფლის, მარტო ლოცვა-კურთხევის დახმარებით, თუ ცოტათი ადამიანის ხელი ურევია ამაში?
სამწუხაროდ, მამა ადამთან ინტერვიუს ჩაწერა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ. ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, ექიმი ელზა გიორგაძე ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და ამბობს:
_ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ეპისტოლედან გამომდინარე, საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგატ დედებთან დაკავშირებით, რაც, ნამდვილად კარგი პროცესია. თავიდანვე უნდა განვაცხადოთ, რომ ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს გაატაროს ის აზრი, თითქოს ეპისტოლე მისი უწმინდესობის დაწერილი არ არის. ეს არის ამ ადამიანთა მცდელობა რეალობის შეგნებულად გაყალბებისა, რომელთაც სურთ პატრიარქის ნათქვამი როგორმე გაანეიტრალონ და ამით თავიანთი ქმედებების უმართებულობა არ გამოააშკარაონ. ყველამ სამიზნედ სუროგატი დედა და ხელოვნური განაყოფიერება აირჩია, რომ ძალები არ დაექსაქსათ და ერთიანი შეტევა განეხორციელებინათ იმ მოტივით, თითქოს ბავშვების უფლებები დაირღვა, ისინი მარგინალებად გამოაცხადეს, რომ ეკლესია უშვილო ოჯახს ბედნიერების შესაძლებლობას ართმევს და ა.შ.
_ ქალბატონო ელზა, თქვენ ეთანხმებით საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას ხელოვნური განაყოფიერების შესახებ?
_ მე ექიმი ვარ, დიდი ხნის მრევლი და, ჩემი პროფესიიდან და ეკლესიის სწავლებიდან გამომდინარე, ვაძლევ თავს უფლებას, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. რეალობა ასეთია: ვიდრე ნაყოფი მოევლინებოდეს ამ ქვეყანას, იგი ორ უმნიშვნელოვანეს სტადიას გადის: ჩასახვის და მუცლადყოფნის. ნებისმიერ ოჯახურ გარემოში, ჩვეულებრივი წესით დაბადებული ბავშვი, ღვთის ნებით მოვლენილი არსებაა. იგი არის უდიდესი დადებითი ენერგიის გამოვლინება და ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში ერთ სულად და ერთ ხორცად ქცეული მამაკაცის და ქალის შერწყმის შედეგი. ამ დროს, ღვთის საიდუმლო განგებულებით, ხდება მშობლების გენოფონდის ბუნებრივად, თავისთავად შერჩევა (ეს არის რთული და მეტად ფაქიზი პროცესი ) და ახალი სიცოცხლის დაბადება, რომელშიც, როგორც ეკლესია გვასწავლის, ჩადებულია ხატება და მსგავსება უფლისა. ეს სიცოცხლე, შემდეგ, დედის წიაღში განაგრძობს ზრდა-ჩამოყალიბებას, რაც ასევე დიდი სიყვარულის, სიმშვიდისა და მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში უნდა ხდებოდეს. მაგრამ, თუ, დედის ან მამის უშვილობის გამო, რომელიმე ლაბორატორიაში მათი უჯრედების განაყოფიერება და დედის სხეულში ხელოვნურად შეყვანა მოხდა, აქ ჩასახვის მომენტი სრულიად განძარცულია ენერგიით სავსე სიყვარულის ველისგან, ყოველგვარი მშვენიერების, ზეგარდმო ძალისა და ღვთაებრივი საიდუმლოსაგან. სახეზე გვაქვს ამა თუ იმ ექიმის მიერ შერჩეული მასალით განაყოფიერება და ამ ექიმის არჩევანის მიხედვით წარმოქმნილი სიცოცხლე, რომელიც, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ, ხვდება დედის წიაღში (და ეს პაუზაც მეორე ტრავმაა ნაყოფისთვის). ხშირად ხდება ისე, რომ განაყოფიერდება არა ორი და სამი კვერცხუჯრედი, არამედ, ათამდე და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტიც.
_ განაყოფიერებული კვერცხუჯრედებიდან რამდენის გამოყენება ხდება?
_ “საუკეთესოს” ამორჩევის შემდეგ, დანარჩენს ან ანადგურებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ყინავენ შემდგომი გამოყენების მიზნით. ამ გაყინული “ემბრიონის” (პირობითად ასე ვუწოდოთ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარების გარკვეულ სტადიაზე მყოფი უჯრედების ერთობას) უმეტესობას დედის წიაღში მოხვედრა და ქვეყნად მოვლინება არ უწერია მარტივი მიზეზის გამო: ამ რაოდენობის შვილების ყოლა მშობლების აბსოლუტურ უმრავლესობას, უბრალოდ, არ უნდა ან არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში, არასაჭირო “ემბრიონის” დიდი რაოდენობა ნადგურდება. ცოცხალი არსებებისადმი ასეთი დამოკიდებულება კი ადამიანთა წამების მსგავსია, რადგან ერთი სიცოცხლის დაბადებას ეწირება რამდენიმე ასეთივე სიცოცხლე. ეს კი რელიგიურად მძიმე ცოდვაა. ადამიანის დაბადებაც და გარდაცვალებაც, როგორც წმიდა მამები ამბობენ, ღვთის დიდი საიდუმლოა. განა ყოვლის შემოქმედმა არ იცის, რა არის ამა თუ იმ ადამიანისთვის უკეთესი? თუ წყვილს შვილი არ ეძლევა, იქნებ, რა არის ამის მიზეზი?
არც იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, არც ღვთისმშობლის მშობლებს არ ჰყავდათ შვილი მოხუცებულობამდე და ეს იმიტომ, რომ, როგორც ვიცით, ღმერთი მათგან ღვთის სათნო განსაკუთრებულ ცხოვრებას ითხოვდა, რათა მათ ლოცვას საოცარი ნაყოფი გამოეღო.
საერთოდაც, წყვილს თუნდაც რომ არ ეყოლოს შვილი, მათ ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მეუღლეები (გინდაც ცალკეული პიროვნება) ისე იცხოვრებენ, რომ ღვთის სასუფეველი დაიმკვიდრონ. შვილი, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ უშვილობა ტრაგედია არ არის. წმინდა ილია მართალსაც (ჭავჭავაძეს) არ ყავდა შთამომავლობა, მაგრამ მთელი საქართველოს მამა იყო.
უმჯობესია ვიზრუნოთ, რომ ქალებმა თავი შეიკავონ აბორტისაგან და თუ ეკონომიური პრობლემების გამო უჭირთ ბავშვის გაზრდა (ან არ უნდათ თავისი ფეხმძიმობა გააცხადონ), გააშვილონ იგი და ამით თავი აარიდონ აბორტით შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას.
_ რას ნიშნავს სუროგატი დედა და რა აზრის ხართ სუროგაციაზე?
_რაც შეეხება სუროგატ დედას და, საერთოდ, სუროგაციას, ეს გაცილებით რთული შემთხვევაა და აქ ორ ვარიანტს აქვს ადგილი: ა)როცა ხდება მშობლების განაყოფიერებული კვერცხუჯრედის შეყვანა დაქირავებული (სუროგატი) ქალის წიაღში და იგი იქ იზრდება; დაბადების შემდეგ კი, ჩვილი ბიოლოგიურ დედ-მამას უბრუნდება. ამ შემთხვევაში, პატარას, ფაქტობრივად, სამი მშობელი ყავს: დედ-მამა და სუროგატი დედა. თქმა იმისა, რომ ბავშვს სუროგატ დედასთან მჭიდრო კავშირი არა აქვს, სწორი არ არის. ამ სიახლოვის თვალნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ სუროგატ დედას აქვს რძე.ბ) უნაყოფობის შემთხვევაში, “მშობლები” ანუ დამკვეთნი, მათი სურვილისამებრ არჩევენ მომავალი შვილის გენეტიკურ მონაცემებს როგორც დონორი დედის, ასევე დონორი მამის მხრივ და ამგვარად მიღებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედი სუროგატი დედის სხეულში შეჰყავთ. ასეთ ბავშვს ყავს ხუთი მშობელი: ის დედა და მამა, რომელიც მას იშვილებს, ბიოლოგიური დედა და მამა და, რა თქმა უნდა, სუროგატი დედა. რა ქნას ასეთმა პატარამ? ვინ იგრძნოს მშობლად? მას ხომ ორიენტაცია მთლიანად დაუკარგეს?
_ საშობაო ეპისტოლეში წერია: “შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის.” თქვენი აზრით, რას გულისხმობს ეპისტოლეს ეს ნაწილი?
_ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, ხდება ხელოვნური განაყოფიერება და განაყოფიერებული უჯრედების დიდი ნაწილის განადგურება ან გაყინვა. რაც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ცოდვაა.
რაც შეეხება სუროგატი დედის წიაღში მყოფი პატარას მდგომარეობას, მას სწყურია სიყვარული, მოფერება, სითბო, მზრუნველობა. იგი კი დაქირავებული დედისაგან იღებს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, სიცივეს (მას ამას მთელი ცხრა თვის მანძილზე ასწავლიან და სთხოვენ) და ეს ბუნებრივიცაა, რადგან სხვანაირად რომ მოიქცეს, ქალს გაუჩნდება ბავშვისადმი გრძნობა და შეიძლება აღარც გააშვილოს იგი. ამიტომაც წერია ეპისტოლეში, რომ სუროგაციით გაჩენილი ბავშვები მუცლადყოფნის პერიოდში გაწირეს უსიყვარულობისთვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის და შემდგომ კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლად ყოფნის სიმძიმე აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. ეს უკვე მეცნიერულად არის დადასტურებული და რა არის ამაში გაუგებარი?! როგორც ჩანს, საზოგადოების რაღაც ჯგუფი მუცლადმყოფ ბავშვს ადამიანად არ აღიქვამს და მიაჩნია, რომ მის მიმართ ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული ყოვლად უმწეო პატარა არსების მიმართ.
განა შეიძლება ბავშვი დაუმორჩილო მხოლოდ შენს ნება-სურვილს და არად ჩააგდო ბავშვის უფლება, იყოს სიყვარულის ნაყოფი?!
დანაშაულია ისიც, როდესაც მშობელს კარგად არ უხსნიან, თუ რასთან არის ეს პროცესი დაკავშირებული, როგორც სულიერი, ისე მეცნიერული კუთხით, რომ მან შემდეგ გაცნობიერებულად გააკეთოს არჩევანი და მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება.
დანაშაულია, როდესაც ხელაღებით ხდება სუროგაციის პროპაგანდა და სუროგატმა დედამაც კი არ იცის, რამხელა პრობლემებს უქმნის იგი თავის ჯანმრთელობას, მუცლადღებულ პატარას და თავის თავს ღვთის წინაშე. ნუთუ არ არის დამაფიქრებელი ის ფაქტი, რომ ამერიკის რიგ შტატებში და ევროპის არაერთ ქვეყანაში კანონით აკრძალულია სუროგაცია?!
_ საზოგადოების ნაწილი საუბრობს, რომ ეკლესიისთვის ხელოვნურად განაყოფიერების გზით გაჩენილი ბავშვი მიუღებელია…ესარ არის ამ ბავშვის მიმართ დისკრიმინაცია?
_ საშობაო ეპისტოლემ ზოგიერთს ისიც ათქმევინა, თითქოს ეკლესია ტექნიკურ პროგრესს ეწინააღმდეგება, თითქოს ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვები მისთვის მიუღებელია და სხვა.
სულ უბრალო მაგალითს მოვიტანთ: თავის დროზე რეკლამირებული არაერთი წამალი იქნა შემდგომ ხმარებიდან ამოღებული იმიტომ, რომ აღმოაჩინეს მისი მოქმედების სერიოზული მავნებელი შედეგები. თუ ეპისტოლეს მაკრიტიკებელთა აზროვნებას გავყვებით, მაშინ არც ამ წამლების წარმოება უნდა შეეჩერებინათ, რადგან რაღაც ეტაპზე, ის წამალიც აღმოჩენა იყო. განა ასეთი ლოგიკა სწორია? გასაოცარია ის ფაქტიც, რომ მთელი ეპისტოლე უმწეო არსებების დაცვას და მათზე ზრუნვას ეძღვნება და მავანნი კი მის უწმინდესობას ბავშვთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ! მე, ბუნებრივია, ვესაუბრე არაერთ სასულიერო პირს და მათი პასუხიც ასეთია: როგორ შეიძლება ხელოვნურად დაბადებული ბავშვების მიმართ ეკლესია უარყოფითად იყოს განწყობილი?! მათ რა დააშავეს? ისინი ისედაც დაჩაგრეს და საკუთარ სურვილებს ანაცვალეს. როგორც დედას დაჩაგრული შვილი ყველაზე მეტად უყვარს და ყველანაირად ცდილობს, მას მეტი ყურადღება დაუთმოს, ეკლესიასაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს ამგვარი ბავშვებისადმი. მათ განსაკუთრებული სიყვარული და სულიერი აღზრდა სჭირდებათ, რაც მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ისინი, რაც უფრო მეტად ილოცებენ და ღმერთს შეიყვარებენ, უფლის წყალობით, მრავალ პრობლემას გადალახავენ. მაგრამ, ეს ამ ბავშვების მშობლებს პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებთ; სწორედ მათ მართებთ სინანული, რომ მსგავსი რამ აღარ გააკეთონ და ის, რაც უცოდინრობით ჩაიდინეს, შეენდოთ. არცოდნა, რა თქმა უნდა, შეღავათია, მაგრამ ახლა უკვე როდესაც გაცხადებულია, თუ რასთან გვაქვს საქმე, მორწმუნემ ეს გზა აღარ უნდა აირჩიოს. პირადად მეც, ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ბევრი რამ ცოდვად არ მიმაჩნდა და სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მადლობა უფალს, რომ სწორედ ეკლესიის წიაღში ამეხილა თვალი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჭეშმარიტი გზით ვიარო.
დაფიქრება მართებთ ექიმსაც, ვინც ამ მიმართულებით სამედიცინო სფეროში მუშაობს და ხელს უწყობს ამგვარ პროცესებს, ხოლო ვისაც ღმერთის არ სწამს, მათთვის ისედაც ყველაფერი ნებადართულია და რაღა აშფოთებთ?! ქრისტიანობა არავის არაფერს აიძულებს _ არჩევანი ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს.
ჩვენ ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა სახე; ისინი თავისი სიმძიმით და ცოდვის ხარისხით განსხვავებულია. ამ საკითხებს ბიოეთიკა სწავლობს. იგი შედარებით ახალი დარგია და მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების შემდგომ წარმოიშვა. მისი მიზანია სულიერ-ზნეობრივი და რელიგიური კუთხით შეაფასოს ის აღმოჩენები, რაც მეცნიერებაში გაკეთდა და საზოგადოებას თავისი დასკვნები წარმოუდგინოს.
შეგახსენებთ ბიოეთიკის დარგში მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტის ქალბატონი ასუნტინამორესის ნათქვამს: “თუ ასე გაგრძელდა, მომავალი კაცობრიობა ფაქტობრივად წარმოდგენილი იქნება ობოლი ინდივიდებით, რომელთაც ძალიან ზედაპირული და არამყარი ოჯახური კავშირები ექნებათ. და ეს იქნება აქამდე ნაცნობი მსოფლიოსაგან ძალიან განსხვავებული, მაგრამ არა უკეთესი სამყარო!”