ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და დიპლომატიური აკადემიის თანაორგანიზებით გაიმართა და მას ვენაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და აკადემიური წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
სახელმწიფო მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ურყევობაზე. ალექსი პეტრიაშვილმა, ამ კუთხით, ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობას. “საქართველოს, მის მოსახლეობას და მის ხელისუფლებას ვერაფერი გადაახვევინებს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზიდან,” _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისკენ მიმართულ რეფორმებზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით და ხაზი გაუსვა ამ პროცესის წარმატებით განხორციელების საქმეში ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

































































