“არცერთი პროექტი არ შეჩერებულა, მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმ პროექტების გადახედვა, რომლებიც კანონმდებლობასთან არ იყო შესაბამისობაში. ეს ძირითადად შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მქონე ობიექტებს, როგორიცაა მაგალითად დართლო. როგორც მოგეხსენებათ, კულტურული მემკიდრეობის ძეგლის მქონე ობიექტების შემთხვევაში, ეს უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან, იქიდან უნდა გაიცეს ნებართვა და ამის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ამაზე არ არსებობდა არანაირი ნებართვა და არ იყო შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან,” _ განაცხადა ხოკრიშვილმა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2008 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა დართლოს ისტორული ძეგლების სრული დოკუმენტაციის შექმნა.
2012 წლის გაზაფხულზე, დართლოს რეაბილიტაცია კახეთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყებოდა, რომ სოფელ დართლოში ტრადიციული მასალის გამოყენებით, ისტორიულ საცხოვრებელ ძეგლებს პირვანდელი სახე დაუბრუნდებოდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დართლოს რეაბილიტაცია შეჩერდა.