სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა არჩევნების ძირითად პრინციპზე და ხაზი გაუსვა კონსტიტუციაში არსებულ მუხლებს, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს; “საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში მოცემულია ე.წ. დემოკრატიულობის ანუ “ხალხის მმართველობის” ძირითადი პრინციპი, რომლის შესაბამისად, “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი.” კონსტიტუციის იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოს მოქალაქეები “…თავის ძალაუფლებას ახორციელებენ რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების…”, პირველ რიგში კი – საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებაში – საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” – არის აღნიშნული, “…იმისათვის, რომ შედგეს “ხალხის მმართველობა”, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია”. ამრიგად, ზუსტად არჩევნები წარმოადგენს იმ უმთავრეს ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელსაც “მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია” , განსაკუთრებით კი – წარმომადგენლობითი დემოკრატია.
იმისათვის, რომ არჩევნები შედგეს, არჩევნების სამართლიანობის ხარისხის განმსაზღვრელ, სხვა ძირითად პრინციპებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის, თუ რამდენად ადეკვატურად ხდება ამომრჩევლის პოლიტიკური ნების ასახვა შესაბამისი საარჩევნო პროცედურის მეშვეობით, საპარლამენტო შედეგში – მანდატებში.”
აღნიშნული საკონსტიტუციო სარჩელი მომზადებული იქნა, 2012 წლის დეკემბერში, რა დროსაც უჩა ნანუაშვილი “ადამიანის უფლებათა ცენტრს” ხელმძღვანელობდა.