გასული წლის შემოდგომაზე გურული მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მანდარინის მოსავალი, თოვლის მოსვლის გამო მთლიანად იზარალა. ამას ზედ დაერთო ყინვა და დაუკრეფავ ბაღებში ნაყოფი სრულიად გამოუსადეგარი გახდა. ხელისუფლებამ, სუბსიდიის სახით, კილოგრამ მანდარინზე 15 თეთრი დაუმატა იმ ფერმერებს, რომლებმაც დროულად მოკრეფილი, საღი მანდარინი ჩააბარეს მიმღებ პუნქტებს და საერთო ჯამში, კილოგრამ მანდარინში საშუალოდ 50 თეთრი მიიღეს. იმ პირებს კი, ვინც მთლიანად იზარალა მოსავალი,დაპირდნენ, რომ შეიქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც თითოეულ ძირზე გადაანგარიშებით, დაადგენდა ზარალის რაოდენობას და ამის მიხედვით ერთ კილოგრამ მანდარინში, კომპენსაციის სახით, 15 თეთრს მისცემდა ყველაზე მეტად დაზარალებულ ფერმერს. თუმცა, ეს ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. ამ მხრივ, ნატანების შეხვედრის შემდეგ, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეპირება გასცა, კრინტიც არ დაუძრავს ვინმეს. დაზარალებული ფერმერები აღაშფოთა იმ ამბავმა, რომ ამ ფონზე ხელისუფლებამ ჩინოვნიკებს პრემიები უხვად დაურიგა. არაერთ დაზარალებულს დღესაც არ სჯერა, თუ ეს კომისია არ შეიქმნება და კომპენსაციას არ მისცემენ.
“თქვენი გაზეთის მეშვეობით ვიგებდი ყველაფერს და მიხაროდა, რომ ჩვენი რჩეული ხელისუფლება არ მოგვატყუებდა. მაინც კარგი იყო 15თეთრი კომპენსაცია კილოგრამ მანდარინზე, პურის ფულია. ახლა კი იგივე თქვენი გაზეთიდან გავიგე, რომ ამ ჩვენმა რჩეულებმა საკუთარ თავს საახალწლოდ და საშობაოდ პრემიები გამოუწერეს. რა ვთქვა, ისიც აღარ ვიცი. ასეთ დროს ამბობს გურული, გაკვირვებისგან ყბა ჩამომვარდაო. მითხარით, ეს მართლა მართალია? მართლა არანაირი კომპენსაციას არ მოგვცემენ იმ ოჯახებს, რომლებმაც მთლიანად ვიზარალეთ მოსავალი?”, _ ამბობს სოფელ ჭანიეთის მკვიდრი ეთერ ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის მიწურულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში დაზარალებულ ფერმერებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნატროშვილი და ხელისუფლების ადგილობრივი სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, იქ შეთანხმდნენ, რომ სუბსიდიის და კომპენსაციის სახით ფერმერებს 15-15 თეთრი მიეცემოდათ. შეთანხმების პირველი პირობა ასე თუ ისე შესრულდა. მეორე კი არავის გახსენებია. არც კომისია შექმნილა და დაზარალებული ბაღების აღწერაზე ლაპარაკიც ზედმეტია. კერძო საუბარში ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანხა არ აქვს. პარალელურად კი აღმოჩნდა, რომ პრემიებისთვის სოლიდური თანხის გაღება მოხერხდა. დაზარალებული ფერმერები იმასაც ამბობენ, რომ შედარებით მაინც გაგებით მოეკიდებოდნენ კომპენსაციაზე უარის თქმას ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლებისგან, რომელსაც თითქმის ცარიელი ბიუჯეტი და უამრავი პრობლემა დახვდა, რომ არა პრემიებისთვის სასწრაფოდ მოძიებული თანხები.
მზია სურგულაძე, პროფესიით ეკონომისტი, სტიქიისგან დაზარალებული პლანტაციის მეპატრონე: მართლა არ მეგონა, თუ ეს ხელისუფლებაც წინას მსგავს ხარბ ნაბიჯს გადადგამდა, თანაც ხალხის ასეთი გასაჭირის დროს. გულწრფელად მჯეროდა, რომ შეპირებულს შეასრულებდნენ და საგანგებოდ შექმნილი კომისია ჩვენს ზარალს დათვლიდა. 15 თეთრზე კი არა, ათზეც თანახმა ვიყავი, წამხდარ საქმეზე მაინც მადლიერი ვიქნებოდი. ასეთ დროს რომ პრემიას მისცემ ისედაც მაღალანაზღაურებადი ხელფასის მქონე საჯარო მოხელეებს, თავის სამართლებლად რა რჩებათ? გამაგებინეთ, რაში იღებენ პრემიას. როგორც წავიკითხე, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, საერთო ჯამში, 20 ათას ლარამდე პრემია მიიღეს. ვიანგარიშოთ _ აღწერის ჩატარების და კილოგრამ ციტრუსოვანზე 15 თეთრიანი კომპენსაციის გაცემის შემთხვევაში ეს თანხა დაფარავდა 180 ტონა მანდარინის ღირებულებას! ანუ, ორი საშუალო სიდიდის სოფელს დააკმაყოფილებდა! ახლა სხვა რეგიონებში გაცემული პრემიების რაოდენობაც მიამატეთ და ზარალის კომპენსაციას მეტიც არაფერი სჭირდებოდა. როგორც ამბობენ პრემიები მუნიციპალიტეტების გამგეობებმაც გასცეს! ეს ცალკე უნდა იანგარიშოთ და ასეთი რამდენია საქართველოში! ასე რომ ჩვენს ნაოცნებარ ხელისუფლებას შესანიშნავად შეეძლო წელს შეპირებული კომპენსაციის გაცემა, უბრალოდ, ვერ გაიმეტეს, სიხარბემ სძლიათ და ისევ დაზარალებული ხალხი აიგდეს აბუჩად, ის ხალხი, ვისი წყალობითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. პრემიები ვისაც მისცეს, გადახედეთ, უმრავლესობა არჩევნებზე ნაციონალთა გამარჯვებისთვის იბრძოდა. ყველა ადამიანი კარგად იყოს, ვისი მომხრეცაა, მაგრამ ეს სირცხვილია ჩვენი ხელისუფლებისა, კარგა ხანს რომ გაჰყვებათ ისეთი.
მოხელეს რომ 15 _ 20 პენსიის ოდენა ხელფასი გაქვს და კიდევ პრემიას აიღებ ამ დამპალი მანდარინით ავსებულ ქვეყანაში, ხომ არის ეს ჩემი ნაქები ხელისუფლება იმის ღირსი, რომ ასეთი მანდარინი გამგეობის წინ დავუყაროთ? ვაპირებდით კიდეც, მაგრამ ურეკის პილიცია გადაგვიდგა წინ! ასეთი პრემია ეკუთვნოდათ ჩვენგან და იქნება აწიც არ იყოს გვიანი ამის გაკეთება, ისე ვართ გამწარებული.
სოფელ ნატანების მკვიდრი ლადო გობრონიძე ამბობს, რომ ისე გამწარდნენ ქობულეთში მანდარინის ჩასაბარებლად 15_ დღიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, გადაწყვიტეს ეს 15 ტონაზე მეტი მანდარინი ოზურგეთის გამგეობის წინ დაეყარათ.
“ყოველივე ამის შემდეგ, პრემიას იღებენ… კიდევ დავიჯეროთ ხალხმა, რომ ჩვენთვის ოდესმე სახეირო ხელისუფლება მოვა? ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგათ ხალხისთვის კომპენსაციის მისაცემად. კომისიას შევქმნითო, შეგვპირდნენ, “დაახვიეს” და წავიდნენ”, _ ამბობს ის.
ვახტანგ ბაქანიძე, სოფელ მერიის მკვიდრი: 15 ტონა მანდარინი მქონდა. აქედან მხოლოდ 7 ტონა გავყიდე. დანარჩენი დალპა, ვიზარალე. გამგეობაში ვიკითხე, რა ვქნა, სად გადავყარო, ადგილი მაინც გამოყავით, რომ გარემოს დაბინძურებისთვის არ დამაჯარიმონ-მეთქი. კი მოახერხებ მაგის გადასაყრელი ადგილის მოძებნასო, _ მითხრეს. მოკრეფაში ფული გადავიხადე, ახლა გადაყრაშიც ფული უნდა გადავიხადო. ეს ნორმალურია? მე არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და პოლიტიკური პოზიციების გამოხატვაც არ მჩვევია. საქმეზე ორიენტირებული ადამიანი ვარ და გულგრილობას ვერავისგან ვერ ვიტან. მაღაზიებს კივის, ფორთოხლის თუ მანდარინის მიღება აუკრძალეს. იკითხა ვინმემ, რატომ ხდება ეს? მე ვარ ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და მსურს, საქმე წავიდეს კარგად.
როგორ არ გაგვიკვირდეს, ასეთ ქვეყანაში, თან მსგავსი სტიქიის შემდეგ, გლეხკაცს რომ არ დაეხმარება ხელისუფლება და საკუთარი თავისთვის პრემიის ძებნას დაიწყებს? სულ არ შერცხვათ, ნეტა? რამ გადაგვიღალა ჩვენი საჯარო მოხელეები, მიდით და სათითაოდ ჰკითხეთ. მერე კი კომუნისტების ზოგი პრინციპი შეახსენეთ, არ აწყენთ, ისინი ბევრ რაღაცას ძალიან კარგად აკეთებდნენ. პრემიას იღებდა ის, ვინც ქმნიდა ღირებულებას და შეასრულებდა გეგმიურზე ზევით. სამმართველოებსა და სამინისტროებში არავის აძლევდნენ პრემიებს. არსებობდა მეცამეტე ხელფასი, ესეც იშვიათად. გურიის მოსახლეობის დიდ ნაწილს მთლიანად ეზარალა მოსავალი და მშვენიერი ხელფასის მქონე მოხელეები ასეთ დროს პრემიას იღებენ? ჰკითხეთ, კიდევ რითი შეუძლიათ, გაგვაკვირვონ? ბევრი მანდარინი ვიზარალე, მაგრამ არ მოვკვდებით, ღმერთია მოწყალე, თუ მაგათ არ რცხვენიათ, ამაზეც მე ვერ ვინერვიულებ, ჩემი საფიქრალიც მეყოფა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრს ეთერ თავაძეს გასულ წელს იმდენი საოჯახო ზარალი მიადგა, ცრემლების გარეშე საუბარი უჭირს. ჯერ მეწველი ძროხა დაუგლიჯა დათვმა, მერე კი 12 ტონა მანდარინი პირწმინდად ეზარალა, რადგან თოვლმა მოუსწრო და დაუკრეფავი ნაყოფი იმდენად დაზიანდა, ხარისხი დაკარგა.
“ჯერ იყო და ძროხა, რომელიც ათ ლიტრს იწველიდა, ისე დამიგლიჯა მთიდან ჩამოვარდნილმა დათვმა, ხორციც ვერ ვისარგებლე. მერე ეს საშინელი ზარალი ვნახე. აწი წელში როდის გავიმართები? გამგეობას მივმართე დასახმარებლად, მაგრამ ათასი საბუთის მოთხოვნით მომიშორეს თავიდან. რა ვქნა? 57 წლის ვარ. პენსიაში მაინც გავიდოდე მალე, პურის ფულის იმედი მაინც მექნება. დაბერებას ვნატრობ, ნურც დამძრახავთ და ნურც გაიკვირვებთ. რამდენი წელია, ახალი მთავრობის მოლოდინში იმედს არ ვკარგავდით. ახლა ესენიც თუ მოგვატყუებდნენ, ჩემს წარმოდგენაში არ იყო. თქვენი გაზეთის მუდმივი ხელმომწერი ვარ და იმედი მომეცა, როცა წავიკითხე, გურიაში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლების სტუმრობის ამბავი. დავიჯერე, რომ კომპენსაციას მოგვცემდნენ. დღემდე ველი მაგ კომისიას, თქვენ რომ წერდით, მაგრამ სადაა? …არა, თქვენ კი არ გაბრალებთ… მარა, ჩვენი მანდარინიანად მოგვისროლეს და თვითონ პრემიები დაირიგეს.
ხალხი დააქცია წლევანდელმა თოვლმა, მაგრამ რაც მე გასულ წელს ზარალი ვნახე, მსგავსი ღმერთმა ნურავის აჩვენოს. იმაზე ვლოცულობ, ქმარ-შვილი და ახლობლები მყავდეს კარგად, რა ღვთის რისხვა იყო, არ ვიცი. ამდენი მანდარინი როგორ ავჭრა, ხალხი ამით შენდებოდა და მე გადავაშენო? ან ვინმეს შევცოდებოდი მაინც და ერთი თეთრი კომპენსაცია მოეცა, ნუთუ არაფრად ვღირვარ ჩემი ქვეყნისთვის, რა გულქვა ხელისუფლება მოვიდა ასეთი, რომ ზურგი სასიკვდილოდ მაქცია ? ამინდმა, ნადირმა, მთავრობამ , ყველამ ერთად გამწირა…”
რას ფიქრობს “ქართული ოცნება” და ხელისუფლება
დავით დარჩია, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: მეგონა, რომ ეს კომისია უკვე შექმნილი იყო და ხალხს კომპენსაციას მისცემდნენ. ჩემი აზრი ისაა, რომ ხალხი ცოდოა და რაღაც გზა უნდა გამოძებნილიყო კომპენსაციის მისაღებად. პრემიებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა უნდა, თავის შეკავება სჯობს ასეთ დროს. ისე კი, როცა ხალხი კითხვას სვამს, თქვენ უკეთ შეგიძლიათ დახმარება, ამ თემის გახმოვანება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გიორგი ბოლქვაძე პირველ რიგში საკუთარ თავს მიიჩნევს დაზარალებულად:
“რა გითხრათ? მე თვითონ დაზარალებული ფერმერი ვარ. იგივე დაემართა ჩემს მანდარინსაც. მეც ვესწრებოდი ნატანების შეხვედრას, შეპირებაც მახსოვს. ბევრი რამ კი გაკეთდა, თუმცა კომპენსაციის საკითხი მერე რომ არ განხილულა, ვიცი. კომენტარს ვერ გავაკეთებ, მით უფრო პრემიების თაობაზე, საჯარო მოხელე ვარ… იმედი მაინც მაქვს, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს ფერმერთა დასახმარებლად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე თავად იმყოფებოდა ნატანების ცნობილ შეხვედრაზე, სადაც მოხდა შეთანხმება, რომ შეიქმნებოდა ზარალის დამთვლელი კომისია. შემდეგ კი, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაზარალებული ოჯახები კილოგრამ მანდარინზე, კომპენსაციის სახით, 15 თეთრს მიიღებდნენ. იქ წინადადებაც ავთანდილ სურგულაძემ წამოაყენა, დათანხმდებოდა თუ არა ყველა დაზარალებული ფერმერი, სახელმწიფოსგან კილოგრამ მანდარინში 15 თეთრის გადახდას. თავიდან ხალხი 30, შემდეგ კი 20 თეთრს ითხოვდა. საბოლოოდ კი 15 თეთრზე შეთანხმდნენ.”
_ ბატონო ავთანდილ, სოფელ ნატანებში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, დავით ნატროშვილთან შეხვედრისას პირადად თქვენ დაასახელეთ კილოგრამ მანდარინში 15 თეთრის რაოდენობით კომპენსაციის გადახდა. შეთანხმება შედგა. რა ბედი ეწია ამ შეპირებას? ხალხი დღესაც ელოდება კომისიის გამოჩენას…
_ კი, ნამდვილად იყო ასე, თუმცა, შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა უარი თქვა, რადგან ზარალის აღწერა გაჭირდებოდა.
_ ხალხი ძალიან გაბრაზებულია, ხელისუფლებამ 15-თეთრიანი კომპენსაცია თუ ვერ მოახერხა, პრემიებისთვის როგორ გამოიყო სოლიდური თანხაო? გამოიანგარიშეს კიდეც, რამდენ ოჯახს აუნაზღაურებდა მინიმალურ ზარალს მხოლოდ გურიის სამხარეო ადმინისტრაციისთვის გაღებული საპრემიო თანხა.
_ კი ანგარიშობს, მაგრამ პრემიებისთვის განსაზღვრული თანხა არის სხვა მუხლში. ამას სხვაგან ვერ გადაიტან. ეს თანხა თავიდან იყო გათვალისწინებული. ამით კანონი არ დარღვეულა. პრემიები მიიღეს ყველგან, პარლამენტმა გასცა.
ეს იყო ბიუჯეტში გათვალისწინებული. კანონი არავის დაურღვევია. გარდა ამისა, ადამიანური მომენტიცაა, მთავრდება ეს ყველაფერი, ახალი არჩევნები იქნება, ყველა სახლში წავა ან მოხდება სხვა ცვლილებები.მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს მანდარინის რეალიზაცია სრულად და ხელსაყრელ ფასში მოხდება, რადგან ამ საქმისთვის აქედანვე ძალიან არის დაინტერესებული გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე და უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ მომავალ შემოდგომაზე პრობლემა მთლიანად იქნეს მოხსნილი…