აღნიშნული ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებში: “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქარართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” .
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიღება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკების მოხმარებით ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, საქართველოში ბოლო დროს კლასიკური ნარკოტიკები კუსტარულად დამზადებულმა ნარკოტიკებმა: “ვინტმა” , “კრაკადილმა” და “ჯეფიმ” ჩაანაცვლა.
_ აღნიშნულ ნარკოტიკები გაცილებით მეტ ფიზიკურ და ფსიქიკურ ზიანს აყენებს მომხმარებელს, ვიდრე კლასიკური ნარკოტიკები. მათი მომზადებისთვის საჭირო კოდეინი, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული საშუალებების შეძენა სააფთიაქო ქსელში ურეცეპტოდ შეუძლიათ მოქალაქეებს,- განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერებების ურეცეპტოდ გაყიდვაზე ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა 6000 ლარია, მაგრამ ჯარიმის მიუხედავად, აფთიაქები გაყიდვას მაინც განაგრძობენ.
კანონპროექტის თანახმად, ფარმაცევტულ პროდუქტზე გავრცელდება კონტროლის ის რეჟიმი, როგორიც დადგენილია I ჯგუფისთვის მიკუთვნებულ სხვა სამკურნალო საშუალებებზე, ხოლო ადმინისტრაციულ ჯარიმას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩაანაცვლებს და, დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, რამდენიმე წლით მოხდება როგორც სააფთიაქო, ისე საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევა.