თუ თქვენ ირგვლივ ნაგვის გროვებია და გარშემო ანტისანიტარია სუფევს, ე.ი. თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ, რაც ოზურგეთის მიმდებარე სოფლების უმეტესობას. მიზეზი კი, ნაგვის ურნების არარსებობა გახლავთ.
როგორც ჩანს, ბევრისთვის საყვარელ ზაფხულს, სიამოვნებასთან ერთად, უსიამოვნებებიც ახლავს.
აღმოჩნდა, რომ ნაგვის ურნები მხოლოდ ოზურგეთთან ახლოს მდებარე ან ცენტრალურ სოფლებშია განთავსებული. დანარჩენ სოფლებში კი საყოფაცხოვრებო ნაგვის გადაყრის საკითხი სრულიად მოუგვარებელია. მოსახლეობა თავისით ირჩევს ადგილს, რომელიც მოგვიანებით ნაგავსაყრელად იქცევა ხოლმე. როგორც წესი, ნაგვის სამიზნე ღრმა ხეობები ხდება. ზოგ სოფელში კი ნაგავსაყრელად დიდ თუ პატარა მდინარეებს და მინდვრებს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ნაგვის შემადგენლობაში ძირითადად ბოთლები, ფქვილის ტომრები და ბავშვის პამპერსები შედის, ანუ ის, რასაც ნიადაგი არ იწოვს და გარემოს დიდი ხნის განმავლობაში აყენებს ზიანს.
“გურია ნიუსის” თვალთახედვის არეში სამი ტერიტორიული ორგანო _ ვაკიჯვარი, ბახვი და ცხემლისხიდი მოხვდა. სამივე სოფლის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მოსახლეობა ურნების საკითხს ხშირად აყენებს და ეს პრობლემა რეალურად არსებობს: “ეს ძირითადად ახალგაზრდობის ტკივილია. ასაკოვან ადამიანებს, როგორც წესი, სხვა პრობლემები უფრო აწუხებთ”, _ გვითხრა ვაკიჯვრის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტმა, ნინო საღარაძემ.
როგორც აღმოჩნდა, ნაგვის ურნების არარსებობა ყველაზე მეტად სოფელ ბახვის მოსახლეობას აწუხებს. როგორც სოფლის რწმუნებული გოჩა შარაშენიძე ამბობს, მოსახლეობა ამ საკითხს ყოველთვის ისეთი სერიოზული პრობლემების გვერდით აყენებს, როგორიც გზა და წყალია: “ანტისანიტარია ყველას აწუხებს, თუმცა, ჩვენი სოფელი მუნიციპალური ცენტრიდან 14 კილომეტრითაა დაშორებული და ბიუჯეტი ამ საკითხის მოგვარებას, ჯერჯერობით, ვერ უზრუნველყოფს. არსებობს პერსპექტივა, რომ გზის პრობლემის მოგვარების შემდეგ, ეს სფერო მოწესრიგდეს”, _ თქვა ჩვენთან საუბრისას შარაშენიძემ.
ანტისანიტარიისადმი ყველაზე გულგრილი ცხემლისხიდის მოსახლეობა აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, გოჩა სალუქვაძე ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დამდგარა და მოსახლეობა სხვა, “უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებითაა შეწუხებული”.
საქართველოში გარემოს დაბინძურების საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მეშვიდე თავი არეგულირებს. თუმცა, როცა სახელმწიფო მოსახლეობას კანონდამრღვევად თავადვე აქცევს, ალბათ, ამ შემთხვევაში კანონზე და მორალზე ლაპარაკი უხერხულია.
მოსახლეობასთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ პრობლემა არა მხოლოდ ურნების არარსებობაშია, არამედ დაბალ შეგნებაშიც. მართლაც, ქალაქ ოზურგეთში, სადაც ნაგვის ურნები უხვად გვაქვს, პრობლემა იგივე სიმწვავით დგას _ მოსახლეობა ნაგვის ჩასაყრელად აქაც მდინარეს, მინდორს თუ გაუქმებულ შადრევანს იყენებს.