კახა კალაძე: “რაც შეეხება ბიზნესმენების მხრიდან შეშფოთებას, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის შეჩერება არ მომხდარა. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მხოლოდ რამდენიმე ხნით შეგვეჩერებინა აზომვითი სამუშაოები, რათა არ მომხდარიყო ესკალაცია ადგილობრივ მოსახლეობას შორის და ადგილი არ ჰქონოდა დაპირისპირებას.
ჩვენთვის მთავარია კანონი, კანონის უზენაესობა და გამოვდივართ აქედან. კანონზე მაღლა ვერავინ დააყენებს თავის თავს მიუხედავად თანამდებობისა. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და მათ პრეტენზიებს, ასევე ძალიან კარგად გვესმის პროექტის მნიშვნელობა, თუმცა თითოეულს ვუდგებით ინდივიდუალურად. სიდიდიდან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტი ნებისმიერ ქვეყანაში გამოიწვევდა გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია.
ყველაზე დიდი პრობლემა, თქვენ სწორად ბრძანეთ, ადგილობრივი მოსახლეობის საკითხია, მაგრამ არის იქ გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც რადიკალურად ეწინააღმდეგებიან ამ პროექტის განხორციელებას. თუმცა, არის სახელმწიფოს ინტერესები, საქართველოს მომავალი, განვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება და მარტივად გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის განვითარებასთან.
ყველაზე დიდი პრობლემა დღეს საქართველოში უმუშევრობა და დასაქმებაა, ჩვენ ამას ვერ მოვაგვარებთ თუ არ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და არ აშენდება ქვეყანაში ახალი საწარმოები, ფაბრიკები. ამ ყველაფრის გაკეთება წარმოუდგენელია, თუ არ გვექნება საკუთარი ელექტროენერგია და არ ვიქნებით ენერგოდამოუკიდებლები.
თუ ელექტროენერგიას ზამთრის პერიოდში ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიტანთ, მაშინ შეუძლებელი იქნება ახალი საწარმოების გახსნა, რადგან ელექტროენერგიაზე ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენს მიერ წარმოებული ენერგომომსახურებიდან მიღებული ელექტროენერგიის. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, შედგეს მოლაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან.
კახა კალაძის განმარტებით, ხაიშში,რამდენიმე კაციანი დაჯგუფება ადგილობრივების ბედზე თამაშობს. “გურია ნიუსთან”მან ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
“მე მინდა ერთიც დავამატო, ადგილობრივი მოსახლეობის განაწყენება დაიწყო წინა ხელისუფლების დროს, იმ ხელისუფლების უგუნური მოქმედებების გამო. მათ ისე ჩამოართვეს ამ ადამიანებს 1500 ჰექტარი მიწა, რომ არავის არაფერი გაუგია და სხვათაშორის, არც პრეტენზია გამოუთქვამს. თუ რატომ, ეს ყველამ ვიცით, იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო შიშის სინდრომი.
დღეს, ჩვენი ხელისუფლების მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია. მოწოდებულები ვართ დიალოგისა და კონსტრუქციულობისკენ. მე არ მინდა უბრალოდ, გარკვეულმა ჯგუფებმა, თუნდაც იქ მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანის დაჯგუფებამ სახელმწიფოს ასეთი მიდგომა სხვანაირად გამოიყენოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ კონსტრუქციულობა და დიალოგი მთავრობის სისუსტეა, ძალიან, ცდება. ძალიან ცდება და ვაფრთხილებ ყველას, ნუ გამოიყენებენ ამას სათავისოდ. ადგილობრივი მოსახლეობის ბედზე ნუ ითამაშებენ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ყველაფერს გააკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ განხორციელდეს უმტკივნეულოდ. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესებს. სოფელ ხაიშში, ადამიანთა უმრავლესობას სურვილი აქვს, ხუდონჰესის პროექტი განხორციელდეს.”
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ხაიშის ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგს აუცილებლად მიიჩნევს: “ზოგადად დიდი პროექტები ნებისმიერ ქვეყანაში იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. შესაბამისად, ყველა დემოკრატიულ ქვეყანა, თუ მოქალაქეთა რაღაც ჯგუფი ამის მოწინააღმდეგეა, ცდილობს რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული. ცხადია ხუდონჰესის განხორციელება მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისა და სხვა ამოცანების გადასაწყვეტად. ამავე დროს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, გარკვეული ჯგუფები არიან ამის წინააღმდეგნი და ცხადია, როცა ასეთი პროცესია, საჭიროა ამ ჯგუფების შეხვედრა და კონსენსუსამდე მისვლა მე მაინც მჯერა, რომ ასეთი კონსენსუსი გამოინახება ამ პროექტთან დაკავშირებითაც.” _ აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
“გურია ნიუსმა” ამავე საკითხთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან სცადა კომენტარის ჩაწერა, მაგრამ მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებას.