შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, იასონ ცინცაძემ თანამდებობა დატოვა. იგი ამავე კომპანიის შემოსავლების სამსახურის უფროსად ჩოხატაურში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე, მიუხედავად რამდენიმე ხელმძღვანელის შეცვლისა და მილიონების გახარჯვისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წყლის დეფიციტსა და უხარისხობას მაინც უჩივის.
ქალაქის მოსახლეობას სამი სათავე ნაგებობა ემსახურებოდა. იმის გამო, რომ ის, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საჭირო რაოდენობის წყალს ვერ გამოიმუშავებდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წყალი მდინარე ბჟუჟიდან გამოეყვანა. ამ წყალსადენის ასამოქმედებლად, ძველი წყალგაყვანილობის მილების შესაცვლელად და სისტემის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, მაგრამ პრობლემა მაინც მოუგვარებელია. ოზურგეთის მოქალაქეები “გურია ნიუსთან” საუბარში ხშირად ამბობს, რომ მათ არასტანდარტული წყალი მიეწოდებათ, რომ წყალი წვიმების დროს მღვრიე, დაუქლორავი და ჯანმრთელობისთვის საშიშია. წყალსადენების გაერთიანებამ და ერთიანი სისტემის ე.წ. დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაყოფამ, ხელმძღვანელთა სენაკში, ქუთაისსა და ფოთში განთავსებამ, ვერც წყალსადენის მომსახურების ხარჯები შეამცირა და ვერც წყლის ხარისხი გააუმჯობესა. მიუხედავად გამრიცხველიანებისა, “წყალკანალმა” ვერ უზრუნველყო წყლის მიწოდების სტანდარტი.
გურია ნიუსთან” საუბარში შპს “-საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” ოზურგეთის სერვისცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, იასონ ცინცაძე ამბობდა, რომ წყლის კონტროლი ყოველდღიურად ხდებოდა როგორც სათავეზე, ასევე ქალაქშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ მექვაბიშვილი კი გვეუბნებოდა, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, იასონ ცინცაძემ თქვა, რომ ქალაქის მოსახლეობამ, ვისაც წყალი არ მიეწოდება, წყლის რეზერვუარები თავად უნდა დაამონტაჟოსო. როგორც ცნობილია, ოზურგეთის წყლის მომარაგებისთვის 7 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები არაკვალიფიციურად ჩატარდა, თუმცა მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა.
სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 22 ივლისს აქცია გამართეს და დაახლოებით, ორი საათით ქუჩა გადაკეტეს.
“გზა, წყალი, გაზი _ ყველა არჩევნების წინ ამ საკითხების მოგვარებას გვპირდებიან. თუმცა, დღემდე არაფერი გაკეთებულა. სად მიდის ბიუჯეტის ფულები, რას ხმარდება? მოვითხოვთ, მოგვიგვარონ პრობლემები!”, _ მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები.
_ აღნიშნული ქუჩის წყალგაყვანილობის მოწესრიგებისთვის ტენდერი გამოცხადებულია და სექტემბრიდან უკვე დაიწყება არსებული პრობლემის მოგვარება, თუმცა ამ ქუჩაზე წყლის უხარისხობა კარიერების მუშაობით დაზიანებული და დახეთქილი მილების ბრალი იყო, _ ამბობდა ხალხთან შეხვედრისას ცინცაძე.
“გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში იასონ ცინცაძემ თქვა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადებისა და სურვილის საფუძველზე დატოვა: “მე ჩემი სურვილით დავწერე განცხადება, არავის გავუთავისუფლებივარ, გადამიყვანეს ჩოხატაურის შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” შემოსავლების სამსახურის უფროსად.
_ გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი გათავისუფლების მიზეზად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობას ასახელებენ, ასევე კიტა მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლების მიერ გამართულ აქციასაც უკავშირებენ.
_ არა, არ არის სწორი ინფორმაცია, _ გვითხრა ცინცაძემ.