ლუბა სიხარულიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სამამულო ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. 18 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ახლა ქალბატონი ლუბა 95 წლისაა. იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობს. მას 4 შვილი, 4 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილისშვილი ჰყავს. ვეტერანი ქალბატონი ჯანმრთელობას არ უჩივის, ოჯახსაც უვლის და წარსულსაც ხშირად იხსენებს.
“თავდაპირველად ბათუმში ვცხოვრობდით, მამაჩემი რაიკომის მდივანი იყო. სოფელი გვქონდა აქვე ზემოთ, დობიროზე. როცა სოფელს გაუჭირდა, მამამ დატოვა ქალაქი და სოფელში ჩამოვიდა. აქ დავამთავრე სკოლა, რის შემდეგაც პედაგოგიურ სასწავლებელში ჩავაბარე. მერე მუშაობა დაბლაციხის სკოლაში დავიწყე. და და ძმა მყავდა. და ადრე გარდამეცვალა. ძმა ომში დამეღუპა. ძალიან კარგი ძმა მყავდა, გამორჩეული იყო მთელ რაიონში. 60 ბიჭში აარჩიეს და ბაქოში, სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს. სწავლა რომ დაასრულა, ამასობაში ომიც დაიწყო და პირდაპირ ფრონტზე გაიწვიეს. წავიდა და წავიდა… მას შემდეგ მხოლოდ ფოტოებზე და შინმოუსვლელთა სტენდზე ვხედავ”, _ გვიყვება და ცრემლებს ვერ იკავებს შინმოუსვლელის და.
ცოტა ხნის შემდეგ სამხედრო სამსახურში თვითონაც გამოიძახეს. დედას არ უნდოდა ომში გაეშვა ერთადერთი ქალიშვილი.
“მერე მე გამომიძახეს. დედაჩემს არ უნდოდა გავეშვი. _ ბესარიონ, გავყიდოთ, ძროხა და დევირჩინოთ, დევიხსნათ, აი ერთი ბაღანე, _ ტიროდა დედაჩემი, მაგრამ მამა ვერ დაითანხმა. _ რას ამბობ, თუ ჩემი შვილი არ წავა, აბა, ვინ უნდა წავიდესო, _ ამბობდა მამაჩემი, რომელიც თავადაც შვიდომგამოვლილი იყო, დაწყებული იმპერიალისტური ომიდან.
გადაწყდა ჩემი წასვლა. მთელი სოფელი მაცილებდა. ზოგი ჩურჩხელას მაწვდიდა, ზოგი _ ტკბილეულს, ზოგი _ ფულს, მლოცავდნენ. მე გავრბოდი, არ დამგვიანებოდა. ერთმა ჩოხატაურელმა ახალგაზრდამ დააგვიანა და დარჩა. ასეთ რამეს მე ვერ გავაკეთებდი, ისეთი მშობლების აღზრდილი ვიყავი.
სამხედრო სამსახური თურქეთის საზღვართან მომიწია, იმ თურქეთის, რომელიც მაშინ გერმანიის მოკავშირე იყო და მუდმივად მზად იყო თავს დაგვსხმოდა. მნიშვნელოვანი იყო საბრძოლო ნაწილებს შორის კავშირის დამყარება. მეც ეს პოზიცია მეკავა, ე.წ. “სვიაზისტი” ვიყავი”.
როგორც ქალბატონი ლუბა გვიყვება, ძრავის ხმით, სრული სიზუსტით, წამებში შეეძლო მტრის თვითმფრინავის ამოცნობა და ინფორმაციის დროულად გადაცემა თანამებრძოლებისთვის, რითაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა.
“კარგად შემეძლო თვითმფრინავების გამოცნობა. დიდი ალბომი გვქონდა, რომლითაც მე მასწავლა მეთაურმა, როგორ განმესხვავებინა მტრისა და ჩვენი თვითმფრინავი ერთმანეთისგან. მე მერე სხვებს ვასწავლიდი. ძრავის ხმით შემეძლო ამომეცნო მტრის თვითმფრინავი. ახლაც ათას ხმაში ამოვიცნობ. ერთხელ შორიდან გაისმა თვითმფრინავის ხმა. სილუეტიც კი არ ჩანდა, ისე გადავეცი, რომ ეს გერმანელების თვითმფრინავი იყო. ჩემი მეგობრები შეწუხდნენ, არ თქვა, ლუბაჩკა, მართალი რომ არ აღმოჩნდე, მოგკლავენო, _ მეუბნებოდნენ. მე კი დაბეჯითებით ვიცოდი, რომ არ მეშლებოდა. ჩამოაგდეს შემდეგ და ყველა გაკვირვებული დარჩა”.
მიუხედავად იმისა, რომ ომიდან 74 წელი გავიდა, იმ დღეებს ცრემლების გარეშე დღემდე ვერ იხსენებს.
“გოგონები ჩამოიყვანეს მოსკოვიდან, მე ჩამაბარეს. თავიდან ქართველებს ვერ იტანდნენ და ცუდი ხალხი ხართო, _ მეუბნებოდნენ, მაგრამ მერე, როცა კარგად გამიცნეს, მითხრეს _ თუ საქართველოში შენნაირი სიკეთით სავსე, თბილი და მამაცი ადამიანი ერთი კიდევ არის, საუკეთესოები ყოფილხართო. მე მასპინძლად ვთვლიდი თავს და მიუხედავად ასაკისა, დედასავით ვზრუნავდი ამ გოგონებზე. თუ რამ შემეძლო, ყველაფერს ვაკეთებდი. დედაჩემისგან კერვა მქონდა ნასწავლი. “გიმნასტიორკები” და სხვა ტანსაცმელი მოგვცეს, მაგრამ ძალიან დიდი გვქონდა ყველას.
მთხოვეს გოგოებმა, გადაგვიკეთეო. დავაყენე ყველა და ისე მოვარგე, მწკრივში რომ დავდგებოდით, ყველასგან გამორჩეულები ვიყავით. ასე თანდათანობით შევეჩვიეთ ერთმანეთსაც და ომსაც.
ომის დასრულების შემდეგ ქალბატონი ლუბა სოფელში დაბრუნდა და პედაგოგად დაიწო მუშაობა სკოლაში. 30 წელზე მეტხანს ასწავლიდა იგი რუსულ ენას და ლიტერატურას შუაგანახლების საშუალო სკოლაში. ამასობაში, როგორც თავად გვიყვება, “ბედიც მიუვიდა” და დაქორწინდა.
“ბედიც მოვიდა, გავთხოვდი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, შესანიშნავი ადამიანი იყო. 4 ქალიშვილი შეგვეძინა. ოთხივეს უმაღლესი განათლება მივაღებინე. თავიანთი ოჯახები შექმნეს. 4 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი და ერთიც შვილთაშვილისშვილი მყავს. ბედნიერი ქალი ვარ, კარგ შთამომავალს ვტოვებ. მართალია, წელს გავჯიუტდი და არ წავყევი ქალაქში გამოსაზამთრებლად, მაგრამ არასდროს მტოვებენ მარტო.
_ ლუბა მასწავლებელი წლების განმავლობაში იყო ჩვენი სოფლის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე, _ საუბარში გვერთვება მერის წარმომადგენელი სოფელ შუა ამაღლებაში, ბატონი ნუგზარ ჯიბლაძე. _ მას აქვს ძალიან კარგად შექმნილი ალბომი, რომელსაც სასოებით უფრთხილდება, იგი უვლის შინმოუსვლელთა სტენდსაც. დრო მიდის, მაგრამ მის მიერ ნაკეთები საქმე რჩება. მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეების ხელწერასაც გამოარჩევდით და ბევრი რამ, თუ რამე კეთილი და კარგია ჩემში ლუბა მასწავლებლის დამსახურებაცაა. მასწავლებლის, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ იყენებდა იმ მეთოდებს, დღეს რომ თანამედროვე მეთოდებს უწოდებენ. ახლა ლუბა მასწავლებელი “უკანასკნელი მოჰიკანია” ჩვენს სოფელში, _ ამბობს ბატონი ნუგზარი.
ქალბატონი ლუბა კი თავის ასაკს გვახსენებს და კუთხეს გვაჩვენებს, სადაც მისი წარსული იკითხება. ეამაყება თითოეული ჯილდო, მედალი და სიგელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გადასცეს.