(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით ლანჩხუთელი დიალიზიანების პრობლემის შესახებ. დღეს ამ საკითხზე ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე გვესაუბრება.
_ როდესაც 2011 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, გარკვეული სოციალური პროგრამები გავითვალისწინეთ. წლის განმავლობაში ხდება არსებულ და ზოგადად, სოციალურ პროგრამებზე დაკვირვება _ რა მდგომარეობაა ამ კუთხით და რა შეიძლება შემუშავდეს იმისთვის, რომ სოციალური პროგრამა უფრო ეფექტური გახდეს; განსაკუთრებით კი იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. პირადად ჩემი ინიციატივა იყო, რომ მონიტორინგი გაკეთებულიყო იმ ადამიანებზე, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ. ძირითადი ნაწილი შესაბამის კურსს გადის ბათუმსა და ქუთაისში.
_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სტაციონალური მომსახურება უფასოა, მაგრამ ტრანსპორტირება გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული…
_ ტრანსპორტირება და გადაადგილება ავადმყოფებისთვის, რომლებიც ლანჩხუთში იმყოფებიან და სჭირდებათ კვირაში სამჯერ სტაციონალური მომსახურება, ძნელია. ჩვენ შევისწავლეთ ამ ადამიანების მდგომარეობა _ ყველა მათგანი სოციალურად შეჭირვებულია და საკმაოდ დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ. საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გაგვეკეთებინა. მის უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან თანხების მოძიება დავიწყეთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობდით. ჩემს წლიურ ანგარიშშიც ვთქვი, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პროგრამას გავახორციელებდით. პროგრამა უკვე შემუშავებულია, პროექტი საკრებულოს ბიურომ თავის ბოლო სხდომაზე განიხილა და შესაბამის კომისიებს დასახვეწად გადაეგზავნა. მომზადებულია ბიუჯეტში ცვლილებაც, რომელზეც კომისია უკვე მუშაობს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე, რომელიც 2 სექტემბერს გაიმართება, დავამტკიცებთ წარმოდგენილ პროგრამას.
პროგრამა გულისხმობს ავადმყოფთა ტრანსპორტირებას ქალაქის ცენტრიდან ბათუმის შესაბამის დაწესებულებაში და შემდგომ უკან დაბრუნებას. რაც შეეხება ქალაქიდან სახლამდე მისვლას, ეს პროგრამა ამას არ მოიცავს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ამ პროექტის დახვეწაზე კიდევ ვიფიქროთ. 2 სექტემბრამდე, სანამ ეს პროგრამა ძალაში შევა, ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული.
_ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროგრამა?
_ პროგრამა იმუშავებს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. თუმცა, მე პირობას გაძლევთ, რომ იგი მომავალი წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული.
_ ეს ინფორმაცია დიალიზიანებს ნამდვილად გაახარებს. თუმცა, ხომ არ არის შესაძლებელი, მკურნალობა პროგრამა ადგილზე გახორციელდეს?
_ ეს საკმაოდ რთული პროცესია, რასაც მხოლოდ აპარატურა არ სჭირდება _ აუცილებელია კვალიფიციური პერსონალი. ამიტომ, ლანჩხუთში, ჯერჯერობით, მკუნალობა ვერ მოხერხდება.