(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა, შესაძლოა დირექტორმა, მანანა ჯინჭარაძემ დატოვოს. როგორც წყარო ამბობს, ჯინჭარაძეს თბილისში რამდენიმე სერიოზული პოსტი შესთავაზეს. მათ შორის სამინისტროში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჯინჭარაძის მიერ ჩატარებულ სემინარს, ბაზალეთში, დიმიტრი შაშკინი დაესწრო და მინისტრმა მას სამინისტროში თანამდებობა შესთავაზა.
მანანა ჯინჭარაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მინისტრისგან შემოთავაზება არ ყოფილა, თუმცა, ადასტურებს, რომ თბილისში რამდენიმე შემოთავაზება აქვს:
_ არის რამდენიმე სერიოზული შემოთავაზება. ხელმძღვანელობას მთავაზობს ერთ-ერთი კერძო სკოლაც. ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ვფიქრობ, რომ წავალ, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
წყაროს ინფორმაციით, პირველი საჯარო სკოლის დირექტორობისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო და რამდენიმე კანდიდატმა სამეურვეო საბჭოსთანაც კი გაიარა კონსულტაცია. ჯინჭარაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის უცნობია და მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება, მისი შესაძლო წასვლის შემთხვევაში, ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ მანანა ჯინჭარაძე რამდენიმე პირველ, საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ტურებში მიღწეულ წარმატებებს სწორედ მის დამსახურებად თვლიან. ის საუკეთესო დირექტორის წოდებას ფლობს და გასული წლის თვითმართველობის არჩევნებში დაბა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა “ნაციონალური მოძრაობიდან”.