ჩვენ ქვეყანაში რომ საშუალო ფენა არ არსებობს და უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდა შეუქცევად პროცესად იქცა, ამას ყველა თვალნათლივ ხედავს, განსაკუთრებით კი, ჩვენ _ ჟურნალისტები. არაერთი შეჭირვებული სტუმრებია ჩვენი გაზეთის რედაქციას დახმარების იმედით.
შორს რომ არ წავიდეთ, ახლახან “გურია ნიუსში” გამოქვეყნებულ იმ წერილს გავიხსენებთ, სადაც საუბარი იყო სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ომარ ხურციძის ოჯახზე, რომელიც, ლამის, ორი ათეული წელია, მიწისძვრისგან კედლებდახეთქილ სახლში ცხოვრობს, რომლის ბზარები ყოველ წელს ფართოვდება და რაღაც სასწაულით, ჯერ არ ჩამოშლილა.
ადამიანთა ასეთი გასაჭირის შესახებ გამუდმებით ვწერთ და ხელისუფალნიც, როგორც თვითონ კერძო თუ ოფიციალურ საუბარში გვეუბნებიან, წუხან, დარდობენ გაჭირვებულთა გამო, რომლებიც, მათივე თქმით, “მრავლად არიან ქვეყანაში და ყველას სათანადოდ დახმარება ვერ ხერხდება”.
და ეს მაშინ, როცა 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში გურიის გუბერნიაში მომუშავე მაღალ თუ საშუალო ჩინოსნებს, მძღოლის ჩათვლით, პრემიის სახით იმდენი თანხა აქვთ მიღებული, ხურციძისნაირს, ბარე ხუთს დაასახლკარებდა სოფლის ჩვეულებრივ პირობებში და მეტი რომ არაფერი, ხურციძესთან ერთად, თავადაც შვებით ამოისუნთქავდნენ. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2011 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის ადმინისტრაციის ჩინოსნებს, მაღალ-დაბალი რანგის ჩათვლით, სულ, პრემიის სახით მიღებული აქვთ 29 824 ლარი! კონკრეტულად, 6 თვის განმავლობაში გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა პრემიის სახით მიიღო 14 160 ლარი, პირველმა მოადგილემ, თამაზ მახარაძემ _ 2 888 ლარი, მოადგილეებმა _ ლაშა შაფაქიძემ და ლელა თავართქილაძემ, შესაბამისად _ 2 000 და 1 840 ლარი.
შტატში ჩასმულია სულ 45 თანამშრომელი. აქედან, პრემია არ “დაუმსახურებია” ოც მათგანს. მათ შორის, რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსს, გოგა გეგეჭკორს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, მამია ბარამიძეს.
რაც შეეხება უშტატო თანამშრომლებს, მათი რიცხვი ხუთს არ აღემატება და აქედან პრემიის ღირსი დამლაგებელი მანანა ბიწაძე გამხდარა _ 200 ლარი 6 თვის განმავლობაში.
ჩვენი რჩევა ასეთია: “შემოდგომის აზნაურებისა” არ იყოს, “შემეივლეთ თავზე მაგი ორი გროში”, რომლის უქონლობა თქვენ არანაირად დაგეტყობათ, ხურციძისა და მისნაირი კიდევ რამდენიმე ოჯახის ცხოვრებას კი აუცილებლად დაატყობს სიცოცხლის ნიშან-წყალს.