(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ საატესტატო გამოცდებში მოსწავლეთა მიერ მიღებული დაბალი ქულების გამო, ჩოხატაურში სოფლების _ გუთურისა და ერკეთის საჯარო სკოლების დირექტორები გაათავისუფლეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, გათავისუფლებულმა დირექტორებმა ვერ უზრუნველყვეს, რომ ბავშვებს შესაბამისი განათლება მიეღოთ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ცოდნის დაბალი დონის გამო, პედაგოგები არავის დაუსჯია. შაშკინის თქმით, პედაგოგის მიღება-გათავისუფლებას დირექტორი წყვეტს და ის ამ საკითხში არ ერევა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უკვე გარკვეულია გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების ახალი დირექტორების ვინაობა. ერკეთის საჯარო სკოლას, ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი ომარ ცაგარეიშვილი უხელმძღვანელებს. ცაგარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მენეჯმენტის სფეროში გარკვეული სახის გამოცდილება აქვს:
_ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და მიღწევებიც მქონდა. ვფიქრობ, რომ მონდომება დიდი როლს თამაშობს ყველა საკითხში წარმატების მისაღწევად.
_ ბატონო რომან, მოსწავლეების უცოდინარობის გამო, მხოლოდ დირექტორები დაისაჯნენ. არადა, პასუხისმგებლობა პედაგოგებსაც აკისრიათ. ხომ არ გეგმავთ რომელიმე პედაგოგის გათავისუფლებას?
_ არ ვაპირებ მისვლისთანავე საკადრო პოლიტიკა განვახორციელო და ვინმე სახლში გავუშვა. პედაგოგებს ხელის შეწყობა უნდათ. მე შევქმნი გამართული სწავლების პროცესს და მერე დაველოდები შედეგებს. ვინმე თუ ვერ გაამართლებს, სახლში წასვლა მიუწევს.
ცაგარეიშვილის თქმით, ერკეთის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სხვა სიახლითაც შეხვდება და სკოლაში ფსიქოლოგის შტატი დაემატება, რომლითაც, მიუხედავად აუცილებლობისა, გურიის სკოლები განებივრებული ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება გუთურის საჯარო სკოლას, მისი დირექტორი მზია ოსეფაიშვილი იქნება.