რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვს სტუმრობდა.
მინისტრმა, ჯერ კიდევ ივლისში დაწყებული, გაღმა დვაბზუ-ბახვის გზის 5 კილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთი და სკოლის შეკეთებული ფასადი მოინახულა. ნიკოლაიშვილმა გეგმაზე ადრე შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასა და გზისა და სკოლის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ ვართ, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. ამ პროექტში უამრავი ადამიანი დასაქმდა, რაც, ვფიქრობ გურიის ეკონომიკას ძალიან წაადგება,” _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, სოფელს გურიის რეგიონის ხელმძღვანელობაც ეწვია.
_ გზის ამ ამორტიზირებულ მონაკვეთზე გადაადგილება ჭირდა. სამუშაოები ადგილობრივმა კომპანიამ შეასრულა და მუშახელიც ადგილობრივი იყო. ვფიქრობ, ჩვენი დანაპირები ძალიან ხარისხიანად შევასრულეთ, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა.
ჩიტაიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარია, მოსახლეობამ თავად დასახოს პრიორიტეტები და ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემების მოგვარების კუთხით მუშაობას აუცილებლად გააგრძელებს.
გზის რეაბილიტაციისთვის მილიონნახევარი ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.
შეგახსენებთ, რომ რამაზ ნიკოლაიშვილმა გაღმა დვაბზუ-ბახვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად 21 ივლისს მოინახულა. სწორედ მაშინ დადო სკოლის ფასადის შეკეთების პირობაც.