(გურია ნიუსი) _ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოზურგეთის სამშობიარო სახლის დირექტორი, დავით მდინარაძე ოზურგეთში, “ავერსის” ახალი საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორად დაინიშნა (კლინიკური დირექტორი ნიშნავს ხელმძღვანელობას სამედიცინო სფეროში).
ჩვენ ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ ამ პოსტზე აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მოიაზრებოდა. მაშინ გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ რეკომენდაციას იმ კადრის სასარგებლოდ გააკეთებდა, რომლის პროფესიონალიზმშიც დარწმუნებული იყო. როგორც ჩანს, ჩიტაიშვილმა ოზურგეთელების მოთხოვნაც გაითვალისწინა და მდინარაძის ამ თანამდებობაზე დანიშვნას მხარი დაუჭირა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” დავით მდინარაძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკურ დირექტორად მის დანიშვნას ხელი 15 სექტემბერს მოეწერა.
აღსანიშნავია, რომ მდინარაძე მთელ რეგიონში ერთ-ერთი პროფესიონალი გინეკოლოგი და გამოცდილი მენეჯერია. სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევენ, რომ ოზურგეთს, ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი, გარემონტებული და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ჰქონდა.