“ვითარება, რომელიც ოზურგეთში, ცენტრალური უნივერმაღის წინ არის შექმნილი, ხელს უშლის საგზაო ნიშნის ხილვადობას. იგი არაკანონიერად არის დადგმული, როგორ არ დავიცვა ჩემი უფლებები?” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრები, დაჯარიმებული გურამ გოგოლაშვილი.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, მან უკვე მიმართა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას, მის მიმართ გახორციელებული უკანონო ქმედების და დარღვეული უფლებების გამო, შესაძლოა, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოსაც მიმართოს. მანამდე კი 16 სექტემბერს, მან გურიის სამხარეო პოლიციის ახალ დანიშნულ უფროსს დავით ცირეკიძეს განცხადებით მიმართა და მოითხოვა, ჯარიმა ჩამოეწეროს.
როგორც გოგოლაშვილმა გვითხრა, მას სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ საგზაო ნიშნებს პოლიცია არ დგამს და ეს მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე თამაზ სალუქვაძე კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებდა, რომ “საპატრულოსთან შეთანხმებით ხდება საგზაო ნიშნების განთავსება”.
ჩვენი გაზეთი დაინტერესდა, რამდენად კანონიერად დაიდგა აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ნიშანი, არსებობდა თუ არა სამართლებრივი დოკუმენტაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მივმართეთ, მიღებული დოკუმენტების შემდეგ კი იურისტს ირაკლი პაპავას დავუკავშირდით. როგორც პაპავა აცხადებს, მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული საგზაო ნიშნების ქაოტურად, სპონტანურად დაყენება, როგორც ჩანს, თავიდანვე უმთავრეს მიზანს _ მოსახლეობის დაჯარიმებას და არა აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის განტვირთვა-მოწესრიგებას ისახავდა.
იქვე, შორიახლოს ჩასაფრებული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) პოლიციის თანამშრომლების მიერ, ახალი საგზაო ნიშნების დადგმის პირველივე დღეებში, დაჯარიმებული მოქალაქეების რიცხვი სწორედ რომ ამას მოწმობს. ახლა კი, გავარკვიოთ, რამდენად კანონიერი იყო ცენტრალური უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გაჩენილი ახალი საგზაო ნიშნების განთავსება.
“როგორც წესი, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება, კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებაა. ანუ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით, კონკრეტული საგზაო ნიშნების განთავსება აუცილებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (როგორც თვითმმართველი ერთეულის) საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მომხდარიყო”, _ გვითხრა იურისტმა.
თუმცა, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს, ესე იგი, საგზაო ნიშნების დაყენებამდე მთელი ერთი წლის წინ, მიუღია #54 განკარგულება “ქ. ოზურგეთში შიდა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების რეგულირების შესახებ”. საკრებულოს განკარგულება კი, როგორც წესი, მისი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. ესე იგი, გამოდის, რომ ერთი წლის წინ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ცენტრალური უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ახლებურად რეგულირებას.
ირაკლი პაპავას განმარტებით, “მართალია, მსგავსი ქმედება სახარბიელო არაა, მაგრამ, ასე თუ ისე, შესაძლებელია. თუმცა, საკითხავია, შიდა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების რეგულირება რამდენად შეიძლება მოწესრიგდეს საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის _ განკარგულების სახით, მაშინ, როდესაც იგი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით მოქმედ და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესებს ადგენს და ითვალისწინებს”.
იურისტს მიაჩნია, რომ “ცენტრალური უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგალითად, თაყაიშვილის ქუჩიდან ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით მარჯვნივ მოხვევის ამკრძალავი საგზაო ნიშნის დაყენება მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული შემთხვევისთვის არაა გამიზნული _ მისი მოქმედება მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საგზაო ნიშნის მოთხოვნის დარღვევისთვის დაჯარიმდება ნებისმიერი მძღოლი, რომელიც მოცემულ წესს არ დაემორჩილება. ფაქტობრივად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება “ქ. ოზურგეთში შიდა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების რეგულირების შესახებ”, თავისი ხასიათით ნორმატიული შინაარსისაა და, შესაბამისად, იგი საკრებულოს ნორმატიული სამართლებრივი აქტით (დადგენილებით) უნდა მოწესრიგდეს და არა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით _ საკრებულოს განკარგულებით, როგორც ეს სინამდვილეში მოხდა. ანუ მოცემულ შემთხვევაში აშკარად აღრეულია თვითონ სამართლებრივი აქტის შინაარსი _ ნორმატიული შინაარსის მქონე სამართლებრივი აქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის _ საკრებულოს განკარგულების სახით, რაც, “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია”.
პაპავას თქმით, ასეთი სერიოზული დარღვევის იურიდიულ შედეგს კი ის წარმოადგენს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება ყველა შემთხვევაში, ბათილად უნდა იქნას მიჩნეული, ანუ უნდა აღდგეს საწყისი, თავდაპირველი მდგომარეობა. ეს კი, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ყველა ის საჯარიმო ქვითარი, რაც პოლიციის მიერ, საკრებულოს ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე დაყენებული საგზაო ნიშნების მოთხოვნათა დარღვევების გამო იქნა შედგენილი, ბათილია, იურიდიული ძალა არ გააჩნია და ამ საჯარიმო ქვითრების საფუძველზე გადახდილი ნებისმიერი თანხა, უკანასკნელ თეთრამდე უკან უნდა დაუბრუნდეს მათ გადამხდელებს: “შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ დაჯარიმებათა ის სერია, რაც ოზურგეთის ცენტრალური უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების სპონტანურად დაყენებას მოჰყვა, აშკარად უკანონოა. კიდევ ერთ გარემოებას უნდა გაესვას ხაზი განსაკუთრებულად _ როდესაც შიდა საგზაო მოძრაობის დაგეგმარება ხდება და მოძრაობის ახალი წესები დგინდება, ამის თაობაზე მოსახლეობა სრულად, უბრალო, რიგითი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომ, ეფექტურ საშუალებებში გამოქვეყნების გზით, უნდა იქნას ინფორმირებული. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება, ძალაში შესვლამდე, საკრებულოს მიერ აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს მის ხელთ არსებულ ყველა მედია საშუალებებში _ ადგილობრივ პრესაში, ტელევიზიაში, შესაბამისი ინფორმაცია უნდა განთავსდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ინფორმაციის მხოლოდ საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნება ანდა საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოკვრა, ნამდვილად არ შეიძლება მიჩნეული იქნას მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომ, ეფექტურ გამოქვეყნებად. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესში მონაწილე თითოეულ უწყებასა თუ ორგანოს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ამ სახის გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მათ დაჯარიმებასა და საჯარიმო სანქციების ხარჯზე, ბიუჯეტის შევსებაზე. ასეთი გადაწყვეტილებები პოლიციის წინაშე მოსახლეობის დაცვის საშუალებას უნდა წარმოადგენდეს და არა ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, მათი დათრგუნვის იარაღს. იმედია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო გაითვალისწინებს ყოველივე ზემოთქმულს, ბათილად გამოაცხადებს 2010 წლის 4 აგვისტოს თავის #54 განკარგულებას და უმოკლეს ვადაში ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას”, _ ამბობს ირაკლი პაპავა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე: _ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ კანონიერ საფუძველს მოკლებულია განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს #54 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება საგზაო მოძრაობის რეგულირება და დაგეგმარება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საკრებულოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საგზაო მოძრაობის რეგულირებასა და დაგეგმარებასთან დაკავშირებით. ეს განკარგულება მიღებული და გამოცემული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესების სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობს #54 განკარგულების ბათილად ცნობის არანაირი საფუძველი.
რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული უნდა ყოფილიყო ნორმატიული აქტის სახით, რბილად რომ ვთქვათ საკითხისადმი არაკომპეტენტური და არასამართლებრივი მიდგომაა, ვინაიდან #54 განკარგულება არ განსაზღვრავს ისეთ სამართლებრივ ნორმებსა და წესებს, რასაც ითვალისწინებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი.
ასევე ყოველგვარ ლოგიკურობას მოკლებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ერთი წლის წინ გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტის გამოყენება შეუძლებელია. ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ მიმღები გამომცემი ორგანოს მიერ მოქმედების ვადები არაა მითითებული და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ გამოიცემა ახალი სამართლებრივი აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს, _ ასეთია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ოფიციალური პასუხი.