გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს დაადასტურა ინფორმაცია, რომ ლელა იმედაშვილმა უკვე შეიტანა განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამგებლის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად:
_ ლელა იმედაშვილმა ნამდვილად შეიტანა განცხადება ვაკანტურ ადგილზე. გია გიორგაძემ უარი თქვა გამგებლობაზე.
_ რას იტყვით ლელა იმედაშვილის კანდიდატურის შესახებ?
_ ძალიან კარგი კანდიდატია, _ გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს გურიის გუბერნატორმა.
რაც შეეხება გია გიორგაძეს, მან თანამდებობაზე უარი 26 სექტემბერს თქვა და განცხადება დაწერა გათავისუფლების შესახებ. გიორგაძის გათავისუფლება არავის გაკვირვებია, რადგან ხშირად იწერებოდა, რომ ის თანამდებობას დატოვებდა, მაგრამ თავისი თუ “სხვისი” სურვილით, ამაზე კომენტარებს, რა თქმა უნდა, არავინ აკეთებს.
_ არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანიც არ მოიძებნა ისეთი, რომელიც შეძლებდა რაიონის ხელმძღვანელობას. ლელა იმედაშვილი განათლების სისტემისთვის კარგად მორგებული კადრია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩოხატაურისთვის კარგი გამგებელი იქნება. არ ვიცი, ეს ლელას “სურვილი” იყო თუ “ნაციონალური მოძრაობის დავალება”, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას არჩევნების წინ იღებს. მართალია, ლელა იმედაშვილი “ვარდების რევოლუციის” წინ “მოქალაქეთა კავშირის” მეხოტბე იყო, მაგრამ ძალიან მალე ისე “შეეთვისა” ეგრეთ წოდებულ, “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ არჩევნების დროს, თვით პრეზიდენტის საარჩევნო შტაბსაც კი ედგა სათავეში და აქტიურ ზეწოლასაც ახორციელებდა პედაგოგებზე. მაშინ მას “საგმირო საქმეებისთვის” თანამდებობა არ მიუღია, პირიქით, მხარის რესურსცენტრი გააუქმეს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაანაცვლეს. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ამაგის დაფასების დრო დადგა _ აღნიშნული პოსტი ლელასთვის ტრამპლინია. არ გამოვრიცხავ, რომ იმედაშვილი ძალიან მალე მოგვევლინოს მხარის გუბერნატორის პოსტზე, ან სულაც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ოპოზიციონერმა ლელა ნაცვალაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პარასკევს, 30 სექტემბერს გაიმართება, სადაც, როგორც მოსალოდნელია, იმედაშვილის კანდიდატურას მხარს აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს.