ცენტრალური ტელევიზიები ისე და იმდენჯერ აშუქებენ სამეგრელოში ამერიკული პეპელას შესევის ამბავს, თითქოს, ამ მხრივ, გურიაში სრული იდილია სუფევდეს და ასე მოდებული ამერიკული პეპლის მატლები ყოველდღე ჯარად არ მიიწევდეს ოდა-სახლებისკენ. გარდა ამისა, გურიაში, როგორც არასდროს, რუხი კალიების, მოზრდილი კოღოების, ხოჭოების, ჭრიჭინების, სხვადასხვა ზომის ბუსუსიანი პეპლების შემოსევაა, რაც ცალკე საუბრის თემაა.
_ მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, ხელში ცოცხითა და ნიჩბით, კიბეებს, კედლებს, ბეღლებს ამ მხოხავი საშინელების გროვებს ვაცლით, მერე ვწვავთ, ვსრესთ, რით მოვიშოროთ თავიდან, არ ვიცით. კაცი პატრონი არ არის, რაღაც შესაწამლი სითხე კი არა, ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება. როცა შეაბოლეს, იმ წელს კი იყო საქმე კარგად. რას აკეთებთ ჟურნალისტები, ერთი-ორჯერ დაწერა შველის საქმეს? თუ არ სჯერათ, ჩაყარეთ ეს მატლები ტომარაში და სამსახურში მიართვით კახა თავბერიძეს, _ ამბობენ გაცეცხლებული ჭანიეთელები.
_ რას მოერევი ამ მატლებს ტოტების მოჭრით? ასე დააკავებ, თუ სპეციალურად არ შეიწამლა?! მთლად რომ აკაფო, უარესად იქნება, რაც დარჩება, იმ მწვანე მასას მოედება. ეზოში ვერ მიმუშავია, ხუთს რომ ფეხით მოვკლავ, ოთხი თავზე მეცემა, თხილის პლანტაციები ნახევრად განადგურებულია. სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, რომ საქმე ცუდადაა ამ მხრივ და მასშტაბურ ღონისძიებაზე იზრუნოს, _ ამბობს კაკო ლომჯარია.
_ სოფელ ოზურგეთში გამგებელმა საკუთარი ეზო-გარემო შეაწამვლინა, ჩვენ კი გვეუბნება, ტოტები მიაჭერით ხეებსო. კი მივაჭერ-მოვაჭერით, მაგრამ უფრო მეტი წამოვიდა, ზღაპარში თავმოჭრილი დევის და ჭიებისა არ იყოს. რას შველის ასეთი ტოტის მოჭრა?! ხუთ და ათმეტრიან ხეებს როგორ მივაჭრა, ქორი ვარ თუ ყორანი, კენწეროზე შემოვჯდე? ხეებს, ზოგს საერთოდ არ შერჩა ფოთოლი და გამხმარ-გაფშეკილი ტოტები ჩანს, _ გვეუბნება ქალბატონი, თან ვინაობას არ გვიმხელს, მოდით სოფელში და ნახეთ, ყველა იგივეს თუ არ გეტყვითო.
“გურია ნიუსი” სოფელ ოზურგეთის რწმუნებულს, გრიგოლ ჩხაიძეს შეხვდა: _ რომელმა თქვა, საკუთარი ეზო-გარემო შეაწამვლინაო?! ტვინს დავასხმევინებ იქ! მე არ ვარ მაგ დონის პიროვნება, რომ ასე მოვქცეულიყავი. 70%-ს თავზე ვადექი და ისე შეწამლეს, დანარჩენი ფართობებიც შეიწამლა, არ დარჩენილა არც ერთი ოჯახი. შეგიძლიათ, მოხვიდეთ და ნახოთ, იკითხოთ, რაც შეიძლებოდა, ყველაფერი გავაკეთეთ.
მცენარეთა დაცვის სამსახურის ოზურგეთის განყოფილების უფროსი, კახა თავბერიძე მიიჩნევს, რომ სამუშაოების გატარება, წელს უკვე გვიანია: _ გასაგებია, რომ მეორე ეტაპზე ძალიან იჩინა თავი ამ მავნებელმა, მაგრამ არც ის არის მართალი, რომ არაფერი გაგვიკეთებია და არ გვიმუშავია. მომავალი წლიდან სერიოზული მუშაობა უნდა ჩატარდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგი დადგეს. აწი კი, როცა განვითარების პროცესი დამთავრებულია, მუშაობის ჩატარება არაფრის გამო, წყალში ფულისა და წამლის ჩაყრა იქნება, _ უთხრა მან “გურია ნიუსს”.