ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი, ბოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი თომას შტოლნერი, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მოწვევით ჩამოვიდა.
შტოლნერი ამბობს, რომ საყდრისის ისტორიული მაღაროს ბედი საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მას კი მხოლოდ კარგი რჩევის მიცემა შეუძლია.
"საყდრისის მონუმენტთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომიწვია . ერთადერთი რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის რჩევის მიცემა სააგენტოსთვის და სხვა სამთავრობო სტრუქტურებისთვის თუ რა იქნება პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით საუკეთესო გამოსავალს. როგორც იცით საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროა და ის უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის , არამედ მთელი კავკასიური კულტურისთვის. აქ ორი სხვადასხვა ინტერესია: კომერციული და კულტურული მემკვიდრეობის. ვფიქრობ, კომპრომისული ვარიანტი უნდა გამონახოთ."
_ რა ბედი ელის საყდრისის მაღაროს?
_ მე არ ვიცი რა ბედი ელის მაღაროს, ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მე მხოლოდ რჩევის მიცემა შემიძლია. ხვალ ვხვდები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ესაა სწორედ ის ინსტიტუტი, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
_ აპირებთ თუ არა საყდრისი–ყაჩაღიანის ბორცვზე კვლევების განახლებას?
_ ეს დამოკიდებული იქნება იმ შეთანხმებაზე, რასაც მოლაპარაკების დროს მივაღწევთ არა მარტო სამთავრობო, არამედ არასამთავრობო სექტორთანაც.
_ რას მოიცავს თქვენს მიერ დაგეგმილი კვლევები და მოუწევს თუ არა დამკვეთს 1 მილიონი ლარის გადახდა?
_ მე თავიდანვე განვაცხადე, რომ თუ თქვენ გინდათ ე.წ. სამაშველო (Rescue archaeology) ანუ salvage (გადარჩენა) არქეოლოგიის გამოყენება, ანუ სრული ინფორმაციის ამოღება ამ ადგილიდან და თუ ეს მოიცავს მთელს მაღაროს, მაშინ ამ სამუშაოებს მართლაც დასჭირდება დაახლოებით 1 მილიონი ლარი. ეს თანხა დასჭირდებოდა ნებისმიერ მეცნიერს ჩემს ადგილზე, რადგან მას სჭირდება არქეოლოგების, მუშების დაქირავება. დასაქმებულ ადამიანებს კი ხელფასი უნდა გადაუხადო.
_ რა დრო დაგჭირდებათ კვლევებისათვის?
_ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დრო გვექნება საამისოდ, , რამდენი მუშა და არქეოლოგი გვეყოლება და იმაზეც, თუ რა მაშტაბის კვლევის ჩატარება დაიგეგმება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ხელფასი. მე ვუხდი მუშებს, კოლეგებს, ყველას, ვინც იქ მუშაობს.
სამაშველო ანუ rescue არქეოლოგია, რის შესახებაც თომას შტოლნერი საუბრობს არქეოლოგიის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც იმ არტეფაქტების დაუყოვნებლივ და გადაუდებელ შესწავლას გულისხმობს, რომელსაც განადგურების საფრთხე ემუქრება. ეს დაკავშირებულია ძირითადად მოსალოდნელ საომარ მოქმედებებთან, ბუნებრივ მოვლენებთან და ისეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, როგორიცაა მაგისტრალების მშენებლობა. ამ დროს არქეოლოგების მთავარი მიზანი რაც შეიძლება მოკლე დროში და რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მილიონი ლარის გადახდას თავად ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG გოლდი გეგმავს, თუმცა კვლევების დაფინანსების ზუსტი წყაროს შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.