სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. მან რუსეთი ქართველების წინააღმდეგ კოორდინირებულ დევნაში დამნაშავედ სცნო.
ამის შესახებ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროკონვეციის ექვსი მუხლი დაარღვია. ინფორმაციას ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლო ავრცელებს.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციით, რუსეთმა დაარღვია ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციის მეოთხე მუხლი, რომელიც კრძალავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების კოლექტიურ დეპორტაციას, მე-5 მუხლის 1-ელი პარაგრაფი, მე-5 მუხლის მე-4 პარაგრაფი, მე-3 მუხლი და მე-13 მუხლი.
საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების შევიწროებასა და მათ მასობრივ დეპორტაციას. საქართველოს მთავრობამ სახელმწიფოთაშორისი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა. საჩივარში საილუსტრაციოდ მოყვანილია 130-მდე ქართველის ინდივიდუალური შემთხვევა.
2009 წლის 15 დეკემბერს საქმის განმხილველმა პალატამ, საჩივრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს დიდ პალატას, სადაც 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე, დიდი პალატის 17 მოსამართლის წინაშე, მოწმეთა დაკითხვა გაიმართა.
საქმეზე ბოლო საჯარო სხდომა სტრასბურგის სასამართლოში 2012 წლის 13 ივნისს შედგა და პროცედურა დაიხურა. სხდომის შემდგომ თათბირზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუმცა სათათბირო საიდუმლოების პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების შინაარსი ამ დრომდე უცნობი იყო.
"მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სტრასბურგში განაცხადა.
რუსეთმა საქართველოს მისი მოქალაქეებს უფლებების დარღვევისთვის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კონკრეტული ვადების დასაზუსტებლად ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს 12 თვიანი ვადა მიეცათ.