მადლობა ყველა ოზურგეთელს, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და არჩევნების პირველ ტურზე მოვიდა. მადლობა, მათ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ და ამ ნდობის გამოხატულებაა ის, რომ ცამეტივე უბანზე მოვიგე არჩევნების პირველი ტური. ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. ასევე, მადლობა მათ, ვინც არჩევანი სხვა კანდიდატებზე გააკეთეს. სწორედ ამ ადამიანებმა დამაფიქრეს, რომ რაღაც ჩემი წინასაარჩევნო კამპანიისას გამომეპარა, უფრო ყურადღებით უნდა მომესმინა ჩემი თანამოქალაქეებისთვის უფრო კარგად უნდა ამეხსნა, რატომ შეიძლება მანდონ ჩვენი ქალაქის მართვა.
ჩემო ოზურგეთელებო! მე გპირდებით მხოლოდ იმას, რის შესრულებასაც შევძლებ. შევძლებ თქვენთან ერთად და თქვენი თანადგომით. ამისთვის კიდევ ერთხელ მჭირდება თქვენი თანადგომა! თქვენი ნდობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის საარჩევნო ყუთებთან დაფიქსირება!
"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალა ჩვენი რეალობა
თითოეულ ჩვენგანს მართლაც თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგვცა და ჩემთვის დიდი პატივია დემოკრატიულ, მართლაც ევროპული დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
წინასაარჩევნო პერიოდმა კიდევ უფრო ნათლად დამანახა ის პრობლემები, რომელიც გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ერთად მოვაგვარებთ. ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება და თქვენი თანადგომა ამის თქმის უფლებას მაძლევს.
ჩემი ღირსებისთვის მიუღებელია ვუპასუხო ან რაიმე რეაგირება მოვახდინო ჩემი ოპონენტის ცილისწამებლურ ბრალდებებს.
მე ნამდვილად არ გპირდებით "უფასო ტრანსპორტს, უფასო ტანსაცმელს, უფასო უნივერსიტეტს, ვერც 10 000-იდან 50 000 ათასამდე უპროცენტო სესხს", რაც შეუსრულებადია და მე ვერ მოგატყუებთ!
საჯაროდ გპირდებით: არასდროს მოგატყუებთ! ბიუჯეტის თითოეული თეთრი ქალაქს მოხმარდება! ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები და თითოეულ თქვენგანს ღირსეულად არსებობის საშუალება მიეცეს!
მე ბიზნესიდან მოვდივარ და ვიცი რა რთულია, როცა სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეების ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილები და ჩემი მოქალაქეები რომლებიც აღარ იქნებიან დამოკიდებულნი მხოლოდ სახელმწიფოს სოციალური დახმარების პროგრამებზე _ ესეც ჩემი ერთ-ერთი დაპირებაა!
სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ქალაქის წყალმომარაგება ჩემი პრიორიტეტი იქნება, იმიტომ რომ ვიცი, რა მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს თქვენთვის.
ჩემი ყველაზე მთავარი მიზანი კი სოციალური პრობლემების გადაჭრა და ღირსეული სამუშაო ადგილების და საცხოვრებელი პირობების შექმნა იქნება თითოეული თქვენგანისთვის.
კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცხოვრების აღორძინება კი ერთად უნდა დავგეგმოთ და შევასრულოთ! ოზურგეთი ისევ ახალგაზრდული და წარმატებული ადამიანების ქალაქად, ანუ ჩვენი შვილების ქალაქად უნდა იქცეს!
გარწმუნებთ, არ დაგვრჩება არცერთი გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც ჩემს ქალაქს აწუხებს!
ერთი რამ მინდა დარწმუნებით ვთქვა, რომ რისი გაკეთებაც არ უნდა მინდოდეს მთელი სულით და გულით, ყველაზე პატარა პრობლემაც კი, თქვენი ნდობისა და თანამონაწილეობის გარეშე შეუსრულებადია. მე ბევრი გეგმა და იდეა მაქვს, მათი ხორცშესხმა რთულია, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, შეუძლებელს შევძლებთ!
ამ მიმართვაში ვერ ვისაუბრებ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს. მაგრამ ოზურგეთში ბევრი აუთვისებელი რესურსია, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ზუსტად ვიცი, თქვენთან ერთად როგორ გადავწყვიტო ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაწუხებს.
დარწმუნებული ვარ, 12 ივლისს აუცილებლად მობრძანდებით არჩევნებზე და დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იგებს! ხმა მიეცით მომავალს!
(R)