საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მათ ცესკოს მოუწოდეს ქორეპისკოპოს იაკობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირებისკენ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირი ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეს და სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულებები.
"ვთვლით, რონ ჩვენს ქვეყანაში არსებობს თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის პრინციპი. სასულიერო პირი ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეს და სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულებები. მიდგომა, რომ სასულიერო პირს არ აქვს გამოხატვის უფლება, თავის მხრივ დისკრიმინაციულია. შესაძლოა დისკრიმინაციად ჩაითვალოს შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელია, აუკრძალო საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და სამოქალაქო უფლებების გამოყენება.
ჩვენ უკვე გვაქვს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ამ საკითხსაც შეეხება და სრულიად დაუშვებლად არის მიჩნეული ამა თუ იმ სასულიერო პირისადმი ან მრევლისადმი დისკრიმინაციული გამოხატვა. ჩვენ, საზოგადოებამ უნდა გავაცნობეროთ, რომ სასულიერო პირიც აღვიქვათ სრულფასოვან მოქალაქედ, შესაბამისი უფლებებითა და პასუხისმგებლობებით.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ამავე პრინციპით, სრულიად უფლებამოსილი პროცესია ამა თუ იმ პირის გამოსვლების შეფასებაც და კრიტიკაც. სასულიერო პირებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ თითოეული მათგანის გამოსვლა შეფასდება და არ უნდა ჩაითვალოს სასულიერო პირების კრიტიკა ან მსგავსი შეფასებები ეკლესიაზე თავდასხმად.
საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა ან ამ მოსაზრებების შეფასება დემოკრატიული პროცესია, ერთადერთი მთავარი განმსაზღვრელი აქ მხოლოდ ის არის, რომ მხარეთა მიერ ადგილი არ ჰქონდეს დისკრიმინაციულ მიდგომებს.
მოვუწოდებ მხარეებს, როგორც სასულიერო პირებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტად დემოკრატიულად მიუდგნენ საზოგადოებრივ პროცესებს და თავი შეიკავონ ერთმანეთის ნებით თუ უნებლიე დისკრიმინაციისაგან.
აქვე, გამოვხატავ მოცემულ ორგანიზაციების რეკომენდაციისადმი მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც ისინი თხოვენ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი საჯარო მოქმედებისგან, რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო აგიტაციის ნიშნებს", _ ნათქვამია განცხადებაში.