კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, კახა კალაძე ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ოზურგეთელმა, "ქართული ოცნების"ა მხარდამჭერმა, ნუგზარ გიორგაძემ კალაძეს მიმართა, რომ გურიას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.
"ბატონო კახა, მე და საზოგადოების დიდი ნაწილი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას ველოდებოდით. მინდა გითხრათ თუ რა მოხდა ოზურგეთში არჩევნების დროს – ავირჩიეთ შესანიშნავი გამგებელი, მაგრამ მეორე ტური არის ქალაქში, რადგან პირველ ტურში ვერ მოხდა მერის არჩევა და ამას ჰქონდა ხელის შემშლელი მიზეზი.
ეს ყველაფერი, რომელიც თავიდან ტრიალებს ხელმეორედ არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე შარაშენიძეს დამსახურება.
ჩვენ ავირჩიეთ მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც ყურადღებას არ გვაქცევს. იქნებ თქვენ ჰკითხოთ, რატომ არ ჩნდება რაიონში.
ასევე, ვითხოვ გამგეობაში, სანამ ახალი გამგებელი შევა, მანამდე აუდიტი შევიდეს და კარგად ნახავთ, რაც ხდება იქ. ვისაც ვებრძოდით ის ხალხი დაასაქმეს, ესეც უნდა იცოდეთ. უფრო მეტი ყურადღება არის საჭირო და მიხედვა უნდა გურიას და გურულებს.
ასევე, არაფერი არ გაუკეთებია დავით დარჩიას, რომელიც არის "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს. ეს კაცი, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გახდეს, არ ვიცი, რა მოხდება. კოალიცია აღარ არსებობს ოზურგეთში და ეს არის სიმართლე", _ თქვა ნუგზარ გიორგაძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს.
"მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მოსვლის დღიდან მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი კუთხისათვის არა ერთი სასიკეთო, მნიშვნელოვანი საქმე გამეკეთებინა და სამწუხაროა ეს თუ ვინმემ ვერ ან არ დაინახა. ბატონი კახი კალაძე არა ერთხელ სტუმრებია ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სტიქიისა და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრების დროს და მან ძალიან კარგად დაინახა ჩვენი მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ გამგეობაში ყველა საქმე სრული კანონის დაცვით ხორციელდება."
რაც შეეხება დავით დარჩიას, მისი თქმით, ის არ აპირებს ნუგზარ გიორგაძის „სისულელეებზე კომენტარის გაკეთებას“.