"ორი თვეა, რაც ჩოხატაურის ამბულატორიას დენი არ მიეწოდება, ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება დაგვეხმარეთ, რომ ეს პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ" _ ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გურიის რეგიონის ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე შუა ამაღლების საექიმო უბნის ექიმმა ლია პატურაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხეიძე, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს ცილდებოდა და სხვა უწყების ფუნქციაში შედიოდა.
გუბერნატორის თქმით, ის აუცილებლად დაინტერესდება აღნიშნული პრობლემით და უახლოეს პერიოდში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამბულატორიამ გამართულად და შეუფერხებლად იმუშაოს.
ლია პატურაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მან გამგეობას მიმართა, სადაც განუცხადეს, რომ კაბელი მას უნდა შეეძინა და თავად ეზრუნა დენის გადაყვანაზე.
"მე ვთვლი, რომ მაგის გაკეთება ჩემს კომპეტენციაში არ შედის და ვერც გავაკეთებდი. წამლები სახლში მიმაქვს და იქ ვინახავ მაცივარში. რადგან გუბერნატორი შემპირდა, იმედი მაქვს პრობლემა მალე მოგვარდება," _ განაცხადა ექიმმა ჩვენთან საუბრისას.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხს კიდევ მიუბრუნდება.