"არასაპარლამენტო ოპოზიციის" მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, ნინო ბორჩხაძე, აცხადებს, რომ მისმა სიტყვებმა – "არჩევნების მეორე ტურზე ნიკა მელიას ვაძლევ ხმას", საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
მისი თქმით, ელოდა მწვავე რეაქციებს, მაგრამ ასეთ ისტერიას, რომელიც მის გარშემო ატყდა, არა.
"კარგი იქნება, თუ ადამიანები სტიგმატიზებას მოვეშვებით და სხვისი დანაშაულის მათთვის გადაბრალებას, არ შეიძლება სხვისი შეცდომებისთვის სხვას მოსთხოვო პასუხი. ნიკა მელია იქნება საკმაოდ დამოუკიდებელი, საქმიანი, კონსტრუქციული და არა საბოტაჟის მომწყობი, როგორც მისი წინამორბედები იყვნენ, თბილისს სჭირდება მერი და არა ბელადი ან პარტიული ლიდერი. ვნახეთ უკვე რას გვიშვება აბსოლუტური ხელისუფლება და რა ხდება მაშინ, როცა მთელი ძალაუფლება ერთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ხელში ჩაგდებული. შესაბამისად, მეორე ტურში უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს. მთაწმინდაზე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მელიას გამგებლობით იყოს უკმაყოფილო და რატომ უნდა ჩავუდგე ჯიბრში? მხოლოდ იმიტომ, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია? თუ იმისთვის, რომ ნარმანიაა "ქართული ოცნების" კანდიდატი? ზუსტად ოცნებამ დატოვა ყველა ის ადამიანი თანამდებობებზე, ფარცხალაძე-შოთაძეების თამადობით, რის გამოც "ნაციონალები" დღეს არსებულ ძალად იქცნენ, "ქართულმა ოცნებამ" ციხის არც ერთი ჯალათი არ გაათავისუფლა სამსახურიდან და არ დასაჯა შესაბამისად, ამის შემდეგ ვისთან უნდა ჰქონდეს საზოგადოებას პრეტენზია, ჩემთან თუ "ოცნებასთან", რომელმაც კარგად იხეირა "ნაციონალების" მანკიერებით."
ბორჩხაძე აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე აიღო ის პროცენტები, რაც პირველ ტურზე დაფიქსირდა და მეორე ტურზე უკვე აღარაა ამ პოლიტიკურ ძალაზე საუბარი და მელიას ხმის მიცემით არავის არ სურს ამ მოძრაობის გადარჩენა.
"რომელი დანაშაული იქნა გამოძიებული? "ნაციონალებმა" აღიარეს, რომ პროკურორები დანაშაულს სჩადიოდნენ და მითხარით, რომელი ასეთი კანონდამრღვევი გაათავისუფლა ახალმა ხელისუფლებამ? მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ძალის რეანიმირების და ვინ ცდილობს ამას, კარგად ხედავს საზოგადოება. ახლა მთავარია ავირჩიოთ თბილისის მერად მენეჯერი და ის ადამიანი, რომელმაც იცის როგორ წარმართოს საქმიანობა".
ბორჩხაძე აცხადებს, რომ ყველა ის სპეკულაცია, რომელიც მის მიმართ განხორციელდა მელიას მხარდაჭერის ღიად დაფიქსირების შემდეგ, არ არის შემაკავებელი ბარიერი და საკუთარ აზრს ვერავინ შეაცვლევინებს.
"მოდით პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ და იმ თვალსაზრისით შევხედოთ მერობის კანდიდატებს, თუ რომელი იქნება ქალაქის უკეთესი მომავლისთვის უფრო საქმეზე ორიენტირებული".