როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი, პარტიების აქტიურობით არ გამოირჩეოდა.
ასევე, კანდიდატებმა, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, ამომრჩეველთან გაცილებით ნაკლები შეხვედრა გამართეს.
ორგანიზაციის განცხადებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა კანონსაწინააღმდეგო აგიტაციის ნიშნების შემცველი ერთი ფაქტი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლის მხრიდან.
"სამართლიანმა არჩევნებმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაწოდა ინფორმაცია ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ცესკო-მ 2014 წლის 9 ივლისს ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მიმართა სასულიერო პირს წარმოედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით. გარდა ამისა, "სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული მორატორიუმის პირობების დარღვევას, რაც გამოიხატა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავებაში.
"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირის დაპატიმრების ფაქტს უარყოფითად აფასებს.