"ახლა (8:30) ვიყავი "გალფის" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე. ფასდაკლება არცერთგან არ გამიკეთეს. ორივეგან მიპასუხეს: "სმენა" რომ შეიცვლება, მაგის მერე დაიწყება ფასდაკლება, ჯერ იგივე ფასი ღირსო. არადა არჩევნებზე უკვე ვიყავი და მარკირებაც მაქვს", _ წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ. შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს.
მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.
კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას – აფთიაქებში – PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".