აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ხაჯიდა ისმაილი საქართველოში მყოფ კოლეგებს დახმარებას სთხოვს:
_ ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო საქართველოში და ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში. არსებობს პრობლემა, რომლის გარკვევაშიც თქვენი ჩარევა არის საჭირო.
აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობის აქტიური წევრი, დაშგინ აღალაროვი დაკავებული იქნა საქართველოში, ინტერპოლის დავალებით. მას ბრალს დებენ გადასახადებისგან (4 000 ევროს ოდენობით) თავის არიდებას. ეს დაკავება მოულოდნელი იყო აღალაროვისთვისაც. ის რჩება პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ აპირებს ამ ვალის გადახდას გათავისუფლებისთანავე, თუ, რა თქმა უნდა, ეს ვალი არსებობს.
OSCE-მ (უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაცია ევროპაში) შეადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მოუწოდებს ინტერპოლს, ნუ გახდება იარაღი არაკეთილსინდისიერი მთავრობის ხელში. მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა კვლავ წარმატებით განაგრძობს ინტერპოლის გამოყენებას საკუთარ პოლიტიკურ მაქინაციებში.
აღსანიშნავია, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა მიმდინარე წელს. პირველი დაფიქსირდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისა სადიკოვი, ცნობილი კრიტიკოსი, რომელიც გამოდიოდა მთავრობის წინააღმდეგ, გაიქცა საქართველოში, მაგრამ ინტერპოლმა გააფრთხილა, რომ მას დაიჭერდნენ და ბატონ სადიკოვს მოუხდა ნორვეგიაში გაქცევა, ქვეყანაში რომლის მოქალაქეობასაც ის ატარებს. ორივე, აღალაროვიც და სადიკოვიც, არიან დემოკრატიული ოპოზიციის სახალხო კონსულის აქტიური მხარდამჭერები არიან.
ძვირფასო ჟურნალისტებო, გთხოვთ მოიძიოთ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ არის დაცული ყველა კანონი აღალაროვის დაკავებასთან დაკავშირებით და საერთოდ თუ არის ეს დაკავება კანონიერი? _ წერს ხაჯიდა ისმაილი და კითხულობს _ "რატომაა საქართველოს მთავრობა ასეთი შერჩევითი "სამართლიანობის აღდგენის" დროს?"
_ მაგალითად, ჩვენ ვერ დავინახეთ იგივე დონის თანადგომა საქართველოს ხელისუფლებისგან ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ორი მოქალაქე _ თეიმურაზ ალიევი და თაჰირ ხუბანოვი ეჭვმიტანილები იყვნენ ჟურნალისტის მკვლელობაში. აზერბაიჯანის მხარემ მათი გადაცემა მოითხოვა, თუმცა, ისინი არც კი დააკავეს. მაინტერესებ,ს რამ მიაღებინა საქართველოს მთავრობას ასეთი გადაწყვეტილება, _ წერს უფლებადამცველი.
"გურია ნიუსის" სიტუაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა:
_ შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ და გუშინწინ აზერბაიჯანის მოქალაქე არ დაგვიკავებია. ამ ინფორმაციის მოძიებას დრო სჭირდება და ამისთვის წერილობით უნდა მოგვამრთოთ, _ გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამსახურის ბიუროს უკვე გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით.
"გურია ნიუსმა" სიტუაციის გარკვევა აზერბაიჯანის საელჩოშიც სცადა, თუმცა, იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაზე კი პასუხი ჯერ არ მოგვსვლია.
"გურია ნიუსი" საქმის მოკვლევას აგრძელებს და დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე გაგაცნობთ.