პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის გამართვა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
"მინდა,მოგილოცოთ ყველას, რომ საქართველოში პირველად არჩევნების მეორე ტური იმართება. მეორე ტურის გამართვით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რეალურად ვართ მოწოდებული, რეალური დემოკრატია ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველგან ვლიდერობთ და ყველგან გავიმარჯვებთ.
დღეს დასრულდება არჩევნები და საბოლოო შედეგებს გავიგებთ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი განვითარებაა. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ხალხის განვითარებას, ხალხის მშვიდობას, სტაბილურობას და რაც მთავარია მე მივეცი ხმა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს საბოტაჟი, კოჰაბიტაცია და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.