ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის.
უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.
"სამწუხაროა. პირადად ვიცნობდი ეროსის. ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ყველას გვაქვს კითხვები რა ვითარებაში და როგორ გარდაიცვალა კიწმარიშვილი," _ განაცხადა დოლიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე, ეჭვით უყურებს საქმეზე პროკურატურის მიერ თვითმკვლელობის მუხლის მინიჭებას და აღნიშნავს, რომ საინტერესოა რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ, კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტისთვის თვითმკვლელობის სტატუსი, სულ რამდენიმე საათში მიენიჭებინა.
მისი თქმით, აღნიშნული, საზოგადოებაში დიდ ეჭვს იწვევს და იმ შემთხვევაში თუ დადგინდა, რომ ეს მკვლელობა იყო ქვეყნის იმიჯს უარყოფითად წაადგება.
"ვფიქრობ უცნაური და სერიოზულობას მოკლებული იყო ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თვითმკვლელობის შესახებ. ფაქტი ძირეულად უნდა იყოს გამოძიებული. თუ მკვლელობა დადასტურდა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ქაოსში, მკვლელობების ეპოქასა და გაურკვევლობაში დაბრუნება, რაშიც დიდია ჩვენი ხელისუფლების წვლილი," _ განაცხადა გიორგი თევდორაძემ.