ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ პედაგოგებს პროფესიული განათლების ამაღლების მიზნით სასწავლო ტრენინგები უტარდებათ.
ტრენინგს მაკლეინის ასოციაციის ტრენერები _ თათია მჭედლიშვილი და თამარ ტატიშვილი უძღვებიან.
ტრენინგი სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სწავლების თავისებურებებს ეხება.
_ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. ჩვენი სკოლის პედაგოგებს მათთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, თუმცა, რაც მეტს ისწავლიან, პროფესიულ ცოდნას აიმაღლებენ, მით უკეთესია. სწორედ ამ მიზნით ჩავატარეთ ტრენინგები და ეს არ იქნება ერთჯერადი. სამრევლო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა მიმართულებით ცოდნას ყოველთვის გაიღრმავებენ, რადგან ჩვენი სკოლა განათლებულ მომავალზეა ორიენტირებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამრევლო სკოლის პრორექტორმა, ირმა ჯიბუტმა.
სამრევლო სკოლაში, ტრენინგები ორშაბათიდან დაიწყო და ერთ კვირას გასტანს. მოდული სსსმ მოსწავლეებთან მუშაობაზეა გათვლილი და შემდეგ თემებს მოიცავს: ბავშვთა განვითარების დარღვევები, ბავშვთა ქცევის პრობლემები და მათთან მუშაობის სტრატეგიები, სწავლების მეთოდები და ემოციური სფეროს პრობლემები; ტრენინგს 25 მასწავლებელი ესწრება, რომელთაც სწავლების ბოლოს სერტიფიკატის მისაღებად რთული ტესტირება ელოდებათ.
მასწავლებელთა განცხადებით, ტრენინგი საჭირო დროს დაიგეგმა და მოხარულები არიან, რომ უფასოდ იღებენ ასეთ სერვისს სკოლისგან. მათი თქმით, სწავლება საინტერესო საკითხებითაა დატვირთული და ძალიან გამოადგებათ სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
_ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მაკლეინის ასოციაციას და არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების ცენტრს" საინტერესო კვირეულისათვის და ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, _ დასძინა ჯიბუტმა.