"გურია ნიუსი" გუშინ წერდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურეკში იმყოფებოდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის, თინათინ მჟავანაძის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად ურეკში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალიზებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა, რომელიც საგანგებოდ მაგნიტური ქვიშის მახლობლად იაპონიის საელჩოს მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით აშენდა. ქვეყნის პირველ პირთან ერთად ცენტრში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი იმყოფებოდა.
"ჩვენ ჩამოვედით ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრში, რომელიც იაპონიის დახმარების საფუძველზე აშენდა. იაპონიის მთავრობა უაღრესად აქტიურია ამ მიმართულებით. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იაპონიის ელჩს საქართველოში, ბატონ კაიტანის იმ საქმიანობისთვის, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების თვალსაზრისით საელჩო ეწევა აქ, ურეკში და ოზურგეთში. საქართველოში ყველამ კარგად ვიცით, რომ ურეკს აქვს უნიკალური პოტენციალი და ამ პოტენციალს ჭირდება ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც, თავის მხრივ, განავითარებს როგორც სარეაბილიტაციო სისტემას, ისე ქვეყნის ეკონომიკას. დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს იაპონელ მეგობრებს და მივესალმებით ბავშვებს, რომლებიც ამ მშვენიერ ადგილზე იმყოფებიან", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველ პირთან ერთად ცენტრში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი იმყოფებოდა.
"როგორც იაპონიის ელჩი საქართველში მოხარული ვარ, რომ დღეს პრეზიდენტთან ერთად ვესტუმრე ამ სარეაბილიტაციო ცენტრს და შეგხვდით თქვენ. თქვენ არაჩვეულებრივი პრეზიდენტი გყავთ, რადგან ის ჩამოვიდა ამ რეგიონში, კერძოდ კი, ურეკში, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნო არსებულ მდგომარეობას და ძალისხმევას არ იშურებს თქვენი კეთილდღეობისთვის. გვეამაყება, რომ იაპონიამ მოახერხა ამ ცენტრის აშენება. მთელი გულით ვუსურვებთ პრეზიდენტს და ყველას შემდგომ წარმატებას", – აღნიშნა ტოშიო კაიტანიმ.