ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდით დასრულდა.
განათლების მინისტრმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გამოცდების პროცესს მშვიდი და უპრობლემო უწოდეს.
"ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, პრინციპში, მშვიდად ჩაიარა, ექსესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა პრობლემას, რომელიც უფრო აბიტურიენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა, ვიდრე ტექნიკურ ხარვეზებს. იყო ტექნიკური პრობლემებიც, მაგალითად, ელექტროენერგიის გათიშვები, მაგრამ ესეც დროულად აღმოიფხვრა. მე ვფიქრობ, გამოცდების პროცესმა მთლიანობაში პანიკის გარეშე, საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა. მით უმეტეს, იყო გარკვეული სიახლეები, მაგრამ ადრევე დაგეგმილი და მზად აღმოჩნდენ მისი განხორციელებისთვის", _ ასე შეაფასა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუს დროს ერთიანი ეროვნული გამოცდები.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის
თქმით, გამოცდებზე არანაირი სერიოზული დარღვევები არ ყოფილა.
მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდების პირველადი შედეგები 20 ივლისიდან გახდება ცნობილი. თავდაპირველად ზოგადი უნარების შედეგები გამოცხადდება.
"რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ სასურველი ფაკულტეტები და უმაღლესი სასწავლებლები აირჩიონ. როგორც კი დასრულდება ყველა საგამოცდო საგნის შედეგების გამოცხადება, კიდევ რამდენიმე დღე ექნებათ აბიტურიენტებს, ცვლილებები შეიტანონ ჩამონათვალში. შემდეგ უკვე იწყება აპელაციის პროცესი და ბუნებრივია, მათ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა აღარ ექნებათ", – აღნიშნა მიმინოშვილმა.
ყველაზე პირველად ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ნაწერების გასწორება დაიწყო. როგორც გამსწორებელთა ჯგუფის წევრი ნანა ლოლაძე "იმედთან" საუბარში აცხადებს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტების პროგრესი გამოიკვეთა.
"პირველ ივლისს დაიწყო გასწორების პროცესი. ტესტების ნახევარი გასწორებულია. ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. ამ ათი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვატარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა. სულ უფრო საინტერესო ნაწერებია. აგრუმენტირებულ ესეებში ჩანს აბიტურიენტების აზროვნების პროგრესი. საუკეთესო ნაშრომებს გამოვაქვეყნებთ კიდეც", _ განაცხადა ნანა ლოლაძემ.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის გამსწორებელთა ჯგუფის წარმომადგენელი შეფასების პროცედურაზეც საუბრობს:
"ნაშრომი სწორდება რამდენიმე ჯგუფის მიერ, თითოეული ჯგუფი ან არგუმენტირებულ ესეს, ან ტესტს ასწორებს, ან მხატვრული ტექსტის ანალიზს. ზოგიერთი გამსწორებელი სახლში მუშაობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შეიქმნა გასწორების სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ონლაინ რეჟიმში წარიმართოს შეფასების პროცესი.
ნამუშევრები მინიმუმ ორჯერ გასწორდება, სრულიად დამოუკიდებლად, ორი შემფასებლის მიერ. თუ მათ გასწორებულში აცდენა იქნება, მაშინ ის მიდის მესამე გამსწორებელთან. არა მხოლოდ ჯამური ქულის აცდენის შემთხვევაში, არამედ შიდა კრიტერიუმის მიხედვითაც თუ იქნა აცდენა, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად ობიექტური და ადეკვატური იყოს შეფასება. შეფასება საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია. ქართულის შედეგები იქნება აგვისტოს პირველ ნახევარში", _ ამბობს ლოლაძე.
შეგახსენებთ,რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 16 ივლისს ფიზიკისა და ხელოვნების გამოცდებით დასრულდა. გამოცდებში პედაგოგები 2 ივლისს ჩაერთვნენ.
7,8,14 და 15 ივლისს ჩატარდა საერთო სამაგისტრო გამოცდა, 14 ივლისს კი სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 36 ათსზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ასევე, გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 20 ათასამდე პედაგოგი და მასწავლებლობის მსურველი,12 ათასამდე მაგისტრობის კანდიდატი და 4500-ზე მეტი სტუდენტი.
19 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა ქალაქებში: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო. ყველა საგამოცდო ცენტრში მოქმედებდა სამედიცინო პუნქტი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე კი მორიგეობდა სასწრაფო დახამრების მანქანა და სამაშველო სამსახური. წესრიგს უზრუნველყოფდა საპატრულო პოლიცია.
2014 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებს შემდეგი სიახლეებს შესთავაზა: წელს პირველად ჰქონდათ აბიტურიენტებს საშუალება არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩაეაბარებინათ; უცხოური ენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი; 2014 წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დადგენის ახალი მიდგომა შემუშავდა – გათანაბრებისას გათვალისწინებულია, რა ქულას მიიღებდა აბიტურიენტი ამა თუ იმ საგნის ნებისმიერი სხვა ვარიანტი რომ დაეწერა. გათანაბრებული ქულა არის მაქსიმალური იმათგან , რაც აბიტურიენტმა მიიღო რეალურად და რაც შეიძლებოდა მიეღო, სხვა ვარიანტი რომ დაეწერა.
განათლების მინისტრის თქმით, წელს იმ მიმართულებების რაოდენობაც გაიზარდა, რომლებზეც ჩაბარების შემთხვევაში აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, უფასოდ ისწავლონ. მათ სახელმწიფო სწავლის საფასურს სრულად აუნაზღაურებს:
"2013 წელს იყო 17 უფასო მიმართულება. 3795 უფასო ადგილი იყო დაფიქსირებული. 2013 წელს ეს კვოტა სრულად არ იქნა ათვისებული. სადღაც 100 ადგილი დარჩა, მეტი – არა.
წელს უფასო მიმართულების რაოდენობა 20-ა, დავამატეთ აგრარული და პედაგოგიური განათლების მიმართულებები. წელს განაცხადები ბევრად მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებებზე ახლა კონკურსი იქნება", _ განაცხადა თამარ სანიკიძემ.