ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატების ერთმა ნაწილმა, საკრებულოს რეგლამენტის განხილვა დაიწყო.
ყველაზე მეტი დრო მე-16 მუხლს დაეთმო, რომელიც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას ეხება.
სოფელ ჯურუყვეთის დეპუტატის, ალექსანდრე მახათაძის თქმით, ამ საკითხს ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება.
"როგორც წინა საკრებულოში იყო ეს საკითხი გადაწყვეტილი, ისე გადავწყვიტოთ ახლაც, რა პრობლემაა", _ თქვა მახათაძემ.
დეპუტატი კახა ასკურავა ამბობს, რომ:_თვითმმართველობის კოდექსი გაძლევს უფლებას რეგლამენტში შეიტანოთ ცვლილება და ეს არ მოდის წინააღმდეგობაში, საკრებულოს დასადგენია. დანარჩენი რეგლამენტში ყველაფერი ნათლად წერია, რეგლამენტის განხილვის დროს რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა: ზედმეტი ხარჯები არ არის საჭირო და ეს საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ რამე სალაპარაკო არ დარჩეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა კილაძემ დეპუტატებს ურჩია, რომ რეგლამენტისთვის დამატებით სახლში გადაეხედათ და შემდეგ შეხვედრაზე შენიშვნებით მოსულიყვნენ.
ასევე, მან დეპუტატებს ურჩია, რამდენიმე მუხლისთვის ყურადღებით გადაეხედათ – მუხლი 16 – საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება; მუხლი 23 – საკრებულოს კომისიის შექმნა; მუხლი 24 – საკრებულოს კომისიები; მუხლი 30 – კომისიის მუშაობის საერთო წესი; მუხლი 31 – კომისიის საკონსულტაციო საბჭო; მუხლი 35 – საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია; მუხლი 47 – საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა; მუხლი 55 – საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები; მუხლი 58 – საკრებულოს სხდომაზე გამოსვლის ფორმები; მუხლი 59 – საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის ხანგრძლივობა; მუხლი 67 – წესრიგისკენ მოწოდება; მუხლი 68 – გაფრთხილება, მუხლი 69 – გაფრთხილება ოქმში შეტანით; მუხლი 70 – სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე; მუხლი 81 – საკრებულოს სამართლებრივი აქტები; მუხლი 84 – საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი; მუხლი 85 – თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი; მუხლი 89 – ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება და გამოქვეყნება.
ცნობისთვის, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები 500 ლარს შეადგენდა, დეპუტატები ხელზე 400 ლარს იღებდნენ.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ რეგლამენტის სრული განხილვა შაბათს, 19 ივლისს შედგება.