19 ივლისს, ჩოხატაურში „გურია ნიუსმა“ 16 წლის ვიტალი კილასონიას მხარდასაჭერდ საქველმოქმედო საღამო გამართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია და პარლამენტის წევრები: თინთინ ხიდაშელი, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი ტრიპოლსკი და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.
კონცერტში როგორც ადგილობრივები, ასევე სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ჩამოსული მომღერლები მონაწილეობდნენ: ანსამბლი „ამაღლება“; ჯგუფი „ლურჯი იალქანი“, ანანო ჩხიკვაძე ლილიანა ლომინეიშვილი; ბექა ჩაიძე, კობა ჭეფხოძე, ბეჟუკა ნაკაიძე. ჩოხატარი სამრევლო სკოლის პირველკლასელები და ერკეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
ღონისძიებას, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, ბიზნესმენები და გურიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
დასასრულს „გურია ნიუსმა“ დამსწრე საზოგადოებას საქველმოქმედო ფონდის დაფუძნების შესახებ აცნობა. ფონდის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებათ.
"მიხარია, რომ მონაწილე ვართ ამ ძალიან სწორი და კარგი ინიციატივის. ეს ინიციატივა ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის დახმარებასა და ფონდის შექმნას ემსახურება. ვფიქრობ, ამ მომენტში ჩვენ არა მარტო ვეხმარებით ავადმყოფ ადამიანს, არამედ, შესაძლოა, ვაკეთებთ კიდევ უფრო მეტს – სიკეთისა და ერთმანეთის გვერდში დგომის უხილავ ძაფებს ვაბამთ ერთმანეთთან. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და ასეთი წამოწყების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.