ხელოვნების მუზეუმთან ანჩისხატის და მუზეუმებში დაცული სხვადასხვა სიწმინდეების ეკლესიისთვის გადაცემის მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი იყო მართლმადიდებელთა კრებული, რომლებსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი შეუერთდა.
აქციის მონაწილეები იმ მემორანდუმის გასაჯაროებასაც ითხოვენ, რომელიც სიწმინდეების თაობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმდა.
ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კავშირის წარმომადგენლის, ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს როგორი კუთხით იქნება მემორანდუმი ხელმოწერილი და ხატები დაუბრუნდეს ეკლესიებს.
"აუცილებელია ხატების წინაშე პირველ რიგში აღდგეს ლოცვა, ჯერ კიდევ 1996 წელს პატრიარქის თხოვნა იყო პირველი სწორედ ანჩისხატი დაბრუნებოდა დედა-ეკლესიას", _ ამბობს ზაზა ნანობაშვილი.
მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს თქმით, ხატს ჩვენ კი არ ვიცავთ, ხატი გვიცავს მრევლს.
"ზოგიერთი თვლის, მუზეუმებში ხატს ვიცავთო, ხატს ჩვენ კი არ ვიცავთ, ხატი გვიცავს ჩვენ! ერთადერთი, რასაც ვიყვი-ხატი უნდა იყოს ტაძარში!"
აქციის მონაწილეებმა ათასობით ხელმოწერა შეიტანეს საპატრიარქოსა და სხვადასხა უწყებებში. ამ მოთხოვნით მიმართეს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს.
აქციის მონაწილეებმა ხელოვნების მუზეუმიდან მსვლელობით გადაინაცვლეს მამა გაბრიელის მიერ აშენებულ ტაძარში, სადაც ანჩისხატის სალიტანიო კანონიკური ასლი დააბრძანეს და ერის კეთილდღეობისთვის პარაკლისი აღავლინეს.