კურორტ ბახმაროს, უკვე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მიუხედავად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა (რომლის მოწესრიგებას წლებია, გვპირდებიან) დამსვენებელი ამ მართლაც უნიკალურ კურორტზე უარს ვერ ამბობს. თუმცა, ყოველ სეზონს სერიოზული პრობლემები ახლავს.
წინა წლების მსგავსად პრობლემაა ელექტროენერგიის დროულად მიწოდება:
_ იმის გამო, რომ ელექტროენერგია არასტაბილურად მოგვეწოდება, 1500 დოლარი დავკარგე. კოტეჯები მაქვს სატყეოს ქუჩაზე. ყოველ წელს ვაქირავებ და ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. წელს კი ესეც ვერ შევძელი. ამერიკიდან ჩამოვიდა ხალხი დასასვენებლად და სამი დღის მეტი ვერ გაძლო. ელემენტარული პირობები არ არის, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ნათელა დოლიძე.
მის მსგავსად პრობლემებზე საუბრობენ დამსვენებლები:
_ არც ერთი მაღაზია არ მუშაობს. პურსაც ვერ ვყიდულობთ. დაგვეხმარეთ რაიმე, _ მსგავსი ტექსტით "გურია ნიუსს" 21 ივლისს, რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა:
_ უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საკვებს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? _ ამბობს ჩვენთან საუბრისას უკრაინელი ტურისტი.
როგორც გავარკვიეთ, ამის მიზეზი მაღაზიების მოვაჭრეების გაფიცვა იყო. იმის გამო, რომ კურორტზე "ჯეოსელის" ანძა გამორთულია, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და, შესაბამისად, მაღაზია დაიკეტა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ პრობლემაზე არაფერი იცოდნენ. ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ კომპანია "ჯეოსელშიც".
_ დიდი მადლობა, რომ დაგვირეკეთ და გაგვაგებინეთ. დაიწყო ტექნიკური სამუშაოები, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჯეოსელის მარკეტინგის სამსახურში.
ამ დიალოგის მეორე დღეს ანძა ჩაირთო:
_ ყველა პრობლემა მოგვარებულია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენეთ, _ გვითხრეს "ჯეოსელში".
პრობლემები რომ სეზონის გახსნამდე უნდა მოეგვარებინა ადგილობრივ ხელისუფლებას ამაზე ყველა გვთანხმდება, თუმცა კითხვაზე: რატომ ვერ მოაგვარეს, მხრების აჩეჩვით გვპასუხობენ.
კურორტზე წყლის მიწოდების პრობლემაცაა, არადა ბოლო წლების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად ასიათასობით ლარია დახარჯული.
ბახმარო მაღალმთიანი კლიმატური კურორტია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით.
კლიმატური თავისებურებები ასეთია: ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2 °C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4 °C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.
სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია, ლიმფადენიტი. სეზონი – ივნისი-სექტემბერი.
ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
1895 წელს ბახმაროში იმყოფებოდა ქართველი ეთნოგრაფი თედო სახოკია. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროში სულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. ასასვლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანის ქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. სამანქანო გზა ბახმაროს მიმართულებით XX საუკუნის 80-იან წლებში გაკეთდა.
2009 წელს, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დავალებით, TC/Design Workshop-სის სამუშაო ჯგუფი ბახმაროს განვითარების გეგმის შემუშავებას შეუდგა. გეგმა შედგენილია, თუმცა, კურორტს განვითარებამდე ბევრი აკლია.
არადა, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგშია შეტანილი.
"მხარეები ითანამშრომლებენ რათა: უკეთ გამოიყენონ მათი რეგულარული დიალოგი, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით; გააძლიერონ კონკურენტუნარიანი და მდგრადი ტურისტული ინდუსტრიის განვითარება; ხელი შეუწყონ და განავითარონ ტურისტული ნაკადები, პროდუქცია და ბაზარი, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ინსტიტუციური სტრუქტურები და ეფექტიანი პოლიტიკა; განაგრძონ საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა და ცოდნის ზოგადი გაზიარება, ტრენინგები და განათლება ტურიზმის სფეროში", _ ვკითხულობთ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ ასოცირების დღის წესრიგი შესრულდება შემდეგ საერთო პრინციპებზე დაყრდნობით: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი მიზნის მისაღწევად; ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტები ავსებს ევროკავშირისა და საქართველოს პასუხისმგებლობას, სრულად შეასრულონ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების დებულებები; ასოცირების დღის წესრიგი უნდა შესრულდეს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის პრინციპების სრული დაცვით; ასოცირების დღის წესრიგი ითვალისწინებს ორივე მხარის ჩართვას ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში; ასოცირების დღის წესრიგი მიზნად ისახავს ხელშესახები და რეალური მიზნების მიღწევას პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გზით; მხარეები აღიარებენ შეთანხმებული პრიორიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, შესაბამისი პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური საშუალებებით; ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია ითვალისწინებს წლიურ ანგარიშგებას, მონიტორინგსა და შეფასებას. მიღწეული პროგრესი, მათ შორის, განხილული იქნება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, თუ სხვა შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბებული ინსტიტუტების ფარგლებში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ამბობს, რომ კურორტთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია:
_ ბატონო ზაალ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი ტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს. დოკუმენტში დეტალები გარკვევით წერია, წერია ისიც, რომ ამ მხრივ მონიტორინგი გახორციელდება. როგორ ფიქრობთ, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ბახმაროშია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს წლიურ ანგარიშსა და მონიტორინგს, რომელსაც ევროკავშირი ჩაატარებს?
_ ჩვენ ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, ახლა მოვედით. შუა სეზონია და უბრალოდ, ვერ მოესწრებოდა ახლის გაკეთება. გარდამავალი პერიოდია.
_ თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელი წელიწადნახევარი იყო გამგებელი…
_ ბახმაროს სიტუაცია შესაცვლელია. პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მისი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტთან. მას აქვს კურორტის სტატუსი, თუმცა, ჰაერშია გამოკიდებული. ცენტრალური ხელისუფლების გარეშე დიდ პროექტებს ვერ ვაკეთებთ. ამიტომ, ადგილობრივი თანხებით ბახმაროს ნორმალურად ფუნქციონირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
_ ბახმაროში, გარდა ინფრასტრუქტურისა, პრობლემაა მიწები. აბსოლუტურად უკანონოდ ხდება მიწების დაკანონება…
_ გეთანხმებით, ეს თემა დასალაგებელია. გამოსავალი უნდა მოინახოს, როგორ დაკანონდეს მიწები და გაიცეს მშენებლობის ნებართვა. თუ ეს არ გამოსწორდა, ისევ ის ხუხულები იქნება, როგორიც ახლაა.
_ როდის უნდა იპოვოთ ეს გამოსავალი?
_ ჩვენ ცალკე ჯგუფს ვქმნით, რომელიც ამ გამოსავალს იპოვის. ერთ ქალბატონს ზამთარში სახლი დაუზიანდა და ნახევარი ჩამოინგრა. ვერ ვაძლევთ სახლის გარემონტების ნებართვას, ამიტომ ამგვარი საკანონმდებლო საკითხის მოგვარებაზე ვმუშაობთ პირველ რიგში.
_ ბატონო ზაალ, მესმის რომ რამდენიმე დღის მოსული ხართ და, შესაბამისად, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, პასუხისმგებლობა არ გეხსნებათ, რადგან იმ გუნდის წარმომადგენელი ხართ, რომლიც წელიწადნახევარი მართავდა ჩოხატაურს. ყოფილი გამგებელი ახლა გამგებლის მოადგილეა, თქვენი გუნდის წევრია…
_ შარშან დაიწყო გარკვეული საკითხების მოგვარება _ ახალი საპირფარეშოები, ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარება…
_ ნაგავსაყრელი ბახმაროში რამდენიმე წელია, არსებობს…
_ ადგილობრივი ნაგავსაყრელი ბახმაროში აღარ არსებობს, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრომ აკრძალა. ამიტომ, ნაგვის ჩამოტანა ცენტრალურ ნაგავსაყრელზე გვიწევს. შარშან ახალი ურნები დაიდგა, წელს კიდევ დაემატა. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, მაგრამ თუკი არ იქნება გარკვეული ის დეტალები, რომელზეც გესაუბრეთ, არაფერი გამოვა. ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე ამ შემთხვევაში არაფერი გამოუვა. კურორტის მოწყობა ძალიან ძვირი თემაა.
_ ელემენტარული პრობლემა ხომ შეიძლება იყოს მოგვარებული. ათიათასობით ლარია დახარჯული წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის. ყოველ წელს იხარჯებოდა ამაზე თანხები, თუმცა ეს პრობლემა ისევ მოუგვარებელია…
_ რაღაც ფორმით წინ გადადგმული ნაბიჯია ის, რომ შევიძინეთ მილები, ბევრ ადგილზე მივიყვანეთ წყალი.
_ ხომ არ ფიქრობთ რომ უყურადღებობასთანაც გვაქვს საქმე? მაგალითად, ანძის თემა. "გურია ნიუსს" რომ არ გაერკვია, აღმოჩნდა, რომ კურორტის ადმინისტრაცია, რომელიც ხელფასს იღებს მთელი წლის განმავლობაში, არც კი დაინტერესებულა ამ პრობლემით…
_ ახალი ხელისფლება მაგ თემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთო და სულ რამდენიმე საათში გადაწყდა პრობლემა. ჩვენ თქვენი დახმარება ვიგრძენით, რადგან, სადაც მივაწვდინეთ ხმა, იქ თქვენი დანარეკიც დაგვხვდა. ერთად ეფექტურად ვიმუშავეთ და პრობლემა მარტივად გადაწყდა. ასე რომ, ერთად დგომით კიდევ ბევრ რამეს მივაღწევთ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძემ.
რა მიზნები და გეგმები აქვს ბახმაროსთან მიმართებაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ამის გარკვევას მის ხელმძღვანელთან, გიორგი სიგუასთან შევეცადეთ, თუმცა მისი ტელეფონი მოუწვდომელი იყო.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ბახმაროსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს.
ერთადერთი, რისი მოძიებაც შევძელით, პატარა, ინგლისურენოვანი ბროშურის PDF ვერსიაა, რომელშიც ბახმაროზე რამდენიმე სიტყვა წერია.
უფრო მეტი კონკრეტიკისთვის ვებგვერდზე მითითებულ ცხელ ხაზზე დავრეკეთ.
_ ინფორმაცია მაინტერესებს ბახმაროს შესახებ, თქვენს ვებ გვერდზე არაფერია ნათქვამი. არც მარშრუტი წერია, არც ფოტოები დევს. ხომ ვერ დამეხმარებით?
_ მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია.
_ ფოტო გალერეის ნახვა მაინტერესებს. რისი ნახვის შესაძლებლობა მაქვს, რა მარშრუტებია… ეს ყველაფერი უნდა იყოს ოფიციალურ გვერდზე, თუმცა არ არის:
_ მე ვერაფერს გეტყვით მაგის შესახებ, _ ასეთი საუბარი შედგა ჩვენსა და ოპერატორს შორის, რომელმაც ამ დეტალების ადმინისტრაციასთან გარკვევა შეგვპირდა და ტელეფონის ნომერი გამოგვიგზავნა. თუმცა, მოწოდებულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოხერხდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ზარი არ გავიდა.