ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლიხაურში, ჭანიეთსა და ქაქუთში ივლისში, მგლებმა და დათვებმა არაერთი პირუტყვი დაგლიჯეს.
სოფელ ჭანიეთში მცხოვრებმა თინა თავაძემ საკუთარი ძროხა ახლომდებარე საყანე ფართობის ბოლოს დაგლეჯილი იპოვა, მხოლოდ თავი, ნეკნების ძვლები და ჩლიქები ეყარა ახლო-მახლო.
ქაქუთის მცხოვრებს , გენადი ხურციძეს მეწველი ძროხა სახლთან ახლოს, ტყის განაპირას დათვმა შეუჭამა.
ასევე, დათვმა არაერთი ოჯახის თხილის პლანტაცია გაანადგურა. ასევე, შეშფოთებულია სოფელ ლიხაურის მოსახლეობა. აქაურ ერასტო ლომჯარიას დათვმა ორი სული ძროხა შეუჭამა, ხოლო ლიხაურის თემის აჭში მცხოვრებ შალვა სალუქვაძეს, ერთი მეწველი ძროხა მგელმა დაუგლიჯა.
როგორც აღნიშნული სოფლების გამგებლები ამბობენ, საკმაოდ ცუდი ფაქტია და ღონისძიების გატარებისთვის აუცილებლად მიმართავენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.
"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს. მათ თქვეს, რომ კიდევ საჭიროა ისეთი ღონისძიება, როგორიც ამ მიმართულებით გასულ წელს ჩატარდა. კერძოდ, მონადირეთა ჯგუფის შექმნა,რომელიც ლოკალურ ტერიტორიებს მოივლის და საჭიროების შემთხვევაში ნადირს გაანადგურებს.
ბუხუტი ჯინჭარაძე, გურიის მონკავშირის ყოფილი თავმჯდომარე: შარშან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გამოიყო 300 ლარი, ვიყიდეთ საჭირო ტყვია-წამალი და გამოცდილი მონადირეების, იგივე მდევრების დახმარებით, რომლებიც სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოვიყვანეთ, მოვიარეთ შეკვეთილამდე არსებული ტერიტორიები, ტყეები. რამდენიმე ტურა მოვკალით. იმ პერიოდში ერთი მგელი მერიაში მოკლეს, ერთიც _ შეკვეთილში. გამრავლებულია ძალიან და რა უნდა ვქნათ? ესეც ენთუზიამით გავაკეთეთ. 18 მონადირე გამოვიყვანე. ვთხოვე ამ ხალხს, თორემ ვალდებული არ იყვნენ. მონკავშირი არ გვინდაო და გააუქმეს. ვხედავთ, რომ საჭირო ყოფილა. ხალხს ხან ეუბნებიან, მგელი მოკალითო, ხან _ მოკვლა არ შეიძლებაო. რაც მოჰყვა ამას კი ვხედავთ, ოჯახები ერთადერთ მარჩენალ პირუტყვს კარგავენ.