ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც გვერდითი მხრიდან კლდიაშვილის ქუჩა იწყება, სამანქანე გზა ნახევრად ღია არხზე გადადის. როგორც ფეხით მოსიარულენი აღნიშნავენ, აქ არაერთხელ ჩავარდნილა მანქანაც და ადამიანიც. არხის სიგრძე-სიგანე კი თანდათან მატულობს და აშკარა დაჭაობებულ ადგილს ქმნის.
"არხში მოედინება კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებთა ეზოებში არსებული ონკანის წყალი, რომელსაც ჩვეულებრივად ხმარობს თითოეული ეზოს მცხოვრები. ეს კანალიზაციის წყალი ნამდვილად არ არის, თუმცა, იმდენად ბინძურდება ღია არხში მომდინარე, რომ ქალაქის ცენტრში საშინელი სუნი დგას და ფიზიკური გადაადგილებისას ხელს უშლის ადამიანებსაც და ტრანსპორტსაც, ამასთანავე, აქ მრავალმხრივი მოძრაობაა, უამრავი ფეხით თუ ავტომობილით მოსიარულე გადაადგილდება, არაერთხელ ტლაპოშიც ამოგვიყვია- ხოლმე თავი. რამდენჯერმე მივმართეთ ინფრასტრუქტურის სამსახურს, მაგრამ დღემდე დაპირების ამარა ვართ", _ გვეუბნება ამ ქუჩის არაერთი მცხოვრები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, "გურია ნიუსს" ასეთ განმარტებას აძლევს:
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, 3725 ლარზე გამოაცხადა ტენდერი ქალაქ ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, სანიაღვრე არხის ნაწილობრივ შეკეთების სამუშაოებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კი სამუშაოები მიმდინარეობს ხელშეკრულების შესაბამისად და იგი სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება", _ გვწერს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნია მეგრელიშვილი.
თავის მხრივ, აღნიშნული ქუჩების სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ ჯერ აქ სამუშაოდ არავინ მოსულა და კარგა ხანია, მხოლოდ შეპირების მოლოდინით ვართო.