27 ივლისის სტიქიის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
გადაუღებელი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებული გზები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები, ხეხილის ნარგავები, დახოცილია შინაური ფრინველი და პირუტყვი.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ნაბეღლავი, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა გზები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები.
დიდი ოდენობის ზარალი მიადგა ნაბეღლავის ქარხანას, სადაც მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია, ქარხნამდე მისასვლელი გზა წაღებულია, მიწაშია ჩამარხული ჭაბურღილები და სხვა შენობა-ნაგებობები.
"ღამის ორი საათი იყო. რაღაც არაადამიანური ღრიალის საოცარი ხმა გავიგე და ამ დროს შენობაში წყალი შემოვარდა. მეც არ ვიცი, როგორ მოვახერხე გარეთ გამოსვლა და სამშვიდობოს გაღწევა", _ ყვება "გურია ნიუსთან" საუბრისას ნაბეღლავის ქარხნის დარაჯი.
როგორც აქაურები ამბობენ, ამ მასშტაბის სტიქია სოფელში არასოდეს ყოფილა.
სტიქიის გამო, სოფელ ჩხაკაურაში, 15 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, გზა, პრაქტიკულად, აღარ არსებობს:
_ ძველ პარამეტრებში გზის აღდგენა შეუძლებელია. კომისიამ უკვე აღწერა და 300 მეტრი გზა თავიდანაა გასაკეთებელი, _ გვითხრა კუჭავამ.
გამგებელს არ აქვს პასუხი კითხვაზე, როდის მოხდება ახალი გზის გაყვანა: _ ამ წუთებში ფეხით გადაადგილებაა შესაძლებელი. სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, _ დასძინა კუჭავამ.
სტიქიამ პრობლემები შეუქმნა კურორტ ბახმაროსაც _ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე საათით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო:
_ "გზამშენი 18"-ის აქტიური მუშაობით მოხერხდა, რომ გზა რამდენიმე საათში გათავისუფლებულიყო, _ აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
სტიქიამ, ბახმაროში, მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძებიც დააზიანა და დამსვენებლების უმრავლესობა უშუქოდ დარჩა.
ჯერჯერობით, დაუზუსტებელია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა, სტიქიისგან მიყენებული ზიანი, პირველადი მონაცემებით მილიონ ლარს აღწევს.