გასული კვირის ორშაბათს და სამშაბათს, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა ჯეოსტარის” პროექტი დაიწყო. როგორც წესი, კონკურსანტების გამოჩენამდე, ტელევიზიით შესარჩევი ტურის ფრაგმენტები გავიდა. ამ სიუჟეტებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი ნაწილის აზრით, სიუჟეტები, რომლებიც “პრიკოლებზეა” აგებული სასიამოვნო საყურებელია, მეორე ნაწილი კი გაღიზიანებას არ მალავს და ამბობს, რომ ასეთი სიუჟეტები ხალხის დამცირებას ემსახურება. გურიის ახალგაზრდულმა გაზეთმა, იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ “ჯეოსტარის პრიკოლებზე” გურულები, გამოკითხვა ჩაატარა:
_ მომწონს. ძალიან კარგი საყურებელია. პოლიტიკით გადატვირთულ ეთერს ალამაზებს.
_ კარგიცაა და ცუდიც. მე, როგორც ერთ-ერთი მაყურებელი მივიჩნევ, რომ კარგია და ვერთობი, თუმცა მეორეს მხრივ, ვაცნობიერებ, რა დარტყმას აყენებს ტელევიზია იმ ადამიანებს, რომლებზეც ეს სიუჟეტებია აგებული.
_ გასაგებია, რომ ეს კომერციაა, მაგრამ ასე არ შეიძლება. ბავშვი თუ ვერ მღერის და ამას ვერ ხვდება, სხვა ფორმით შეიძლება უთხრა. მათზე იხალისო, რაღაც ეფექტები გაუკეთო და საქვეყნოდ დასცინო _ ეს წარმოუდგენელია. ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი სიუჟეტები, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში გაუშვან, _ გვითხრეს ქუჩის გამოკითხვების დროს.
“ჯეოსტარის” ჟიურის ერთ-ერთი წევრის, სოფო ხალვაშის თქმით, ამაში გასაკვირი არაფერია:
_ ვერ ვიტყოდი, რომ ამ სიუჟეტებს გაღიზიანება მოჰყვება, რადგან მთელი საქართველო ელოდება “პრიკოლებს. “ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ აქვს სმენა და ხმა, რატომ მოდის, ვერ ვხვდები! თან ერთი და იგივე ხალხი, რამდენიმე წელია დადის. ერთი და იგივე სახე ხშირად მინახავს, ეუბნებიან, რომ არ გაქვთ სმენა და მონაცემები, მაგრამ მაინც მოდიან. ე.ი. უნდათ “პრიკოლებში” მოხვედრა, _ აღნიშნა ჩვენს გაზეთთან საუბრისას ხალვაშმა.
რთულია გაარკვიო, უნდა თუ არა მავანს “პრიკოლებში” მოხვედრა, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, “პრიკოლების” გმირების უმეტესობა, სერიოზულ სტრესს განიცდის:
_ მოზარდის ფსიქიკა ძალიან ფაქიზია და არ შეიძლება, მას ისე მიუდგე, როგორც ბიზნესს. როცა “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ვუყურე, პირველი, რაც გავიფიქრე ის იყო, რომ იმ ბავშვების მომავალი ძალიან ცუდად წარიმართება. არსებობს კატეგორია, რომელიც პოპულარობის მოსახვეჭად ყველაფერს აკეთებს და მისთვის ასეთ “პრიკოლებში”, თუნდაც ეფექტებით გამდიდრებულში, მოხვედრა სასიამოვნოც კია, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ “ჯეოსტარზე” ყველა ასეთი კატეგორიის ადამიანი მივიდა. უნდა ითქვას, რომ არასასიამოვნო სიუჟეტი რამდენიმე არასრულწლოვანზეც გავიდა, რაც ყოვლად მიუღებელია. ავტორები მათ ჩაცმულობაზე, გარეგნობაზეც კი ამახვილებენ ყურადღებას და დამცინავ ტექსტებსაც არ იშურებენ. ეს ყველაფერი ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგმა, ლელა გამახარიამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, თამარ კორძაია ამბობს, რომ “რუსთავი ორის” ეთერში გასული სიუჟეტები არაეთიკურია”.
_ რასაც ვხედავთ, ეს, ერთი შეხედვით, შეიძლება, მოგვეჩვენოს დარღვევად და ბევრი რამ, მართლაც, შეიძლება არ იყოს მისაღები, თუმცა გასათვალისწინებელია ორი გარემოება _ ადამიანი, რომელიც ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მიდის, მან იცის, რომ ეს არის შოუ და ის გაშუქდება. და მეორე _ შესაძლოა, არსებობდეს ხელშეკრულება, რომლითაც ესენი გამოთქვამენ თანხმობას, რომ მათი წარუმატებლობა იქნეს ნაჩვენები. სხვა საკითხია, რამდენად მისაღებია წამყვანის კომენტარები, ამ დროს შეიძლება, ვიმსჯელოთ მედია ეთიკის საკითხებზე და არა სასამართლოში დავაზე, ანუ ცალსახაა, რომ არის შემთხვევები, როდესაც ეთიკური სტანდარტები სრულად დარღვეულია, მაგალითად, ერთ-ერთი მონაწილის ფეხები აჩვენეს. ეს ფეხები და ქუსლიანი ფეხსაცმელები ოპერატორის მიერ იმიტომ იქნა განზრახ აქცენტირებული, ეჩვენებინათ, რომ მონაწილეს ფეხზე დაკრული ჰქონდა ე.წ. “სანტავიკი” და ამას მართლაც ახლდა გარკვეული ირონიული კომენტარები.
სრულიად განსხვავებულადაა საკითხი არასრულწლოვანების შემთხვევაში, მათი ეთერში გასაშვებად საკმარისი არ არის მშობლების თანხმობაც კი. მედიამ თვითონ უნდა განსაზღვროს მიაყენებს თუ არა მსგავსი კომენტარი, ან თუნდაც კომიკურ ფორმაში არასრუწლოვნის ჩვენება ზიანს მის ინტერსებს, მის სწორ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხიც დღეს თვითრეგულირების სფეროს მიეკუთვნება, _ აღნიშნა კორძაიამ.
ჟურნალისტი ია ანთაძე, რამდენიმე წელი, ამ რაც ბავშვთა უფლებების შესახებ მუშაობს და მედიის წარმომადგენლებს, არასრულწლოვნების თემის სწორ გაშუქებას ასწავლის. ჩვენ გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ არ იცის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი თუ საკუთარი შვილი არაეთიკური სიუჟეტებისგან.
_ აბსოლუტურად სხვადასხვაა მაუწყებლის პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, რომლებსაც 18 წელი ჯერ არ შესრულებიათ და იმათ მიმართ, ვინც უკვე სრულწლოვანია. არასრულწლოვანების მიმართ ყველაფერი აკრძალული აქვთ (მაუწყებელთა ქცევის კოდექსით), რამაც შეიძლება, მათი ტრავმირება გამოიწვიოს. ასე რომ, მე ვფიქრობ, თვითონ ამ არასრულწლოვანებმა, ან მათმა მშობლებმა უნდა დაიცვან საკუთარი ინტერესები და მოითხოვონ ეთიკური გაშუქება (“ჯეოსტარში” იქნება თუ ახალ ამბებში, არ აქვს მნიშვნელობა). მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ბევრმა მოქალაქემ არ იცის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი თუ საკუთარი შვილი არაეთიკური სიუჟეტებისგან. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი, რომლებმაც უკეთ იციან კანონები და იბრძვიან სტანდარტების დასამკვიდრებლად, ტელეკომპანია “რუსთავი 2” არ ცნობს დაინტერესებულ მხარედ ასეთ შემთხვევებში. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, რომელსაც მე წარმოვადგენ, ვიწყებთ ცვლილების ადვოკატირებას “მაუწყებელთა ქცევის კოდექსში” სწორედ იმისთვის, “დაინტერესებული მხარის” ცნება გაფართოვდეს და მედიაში თუ მედიისთვის მომუშავე პირებს და ორგანიზაციებს საშუალება მიეცეთ, მოითხოვონ მაუწყებლებისგან სტანდარტის და ეთიკის ნორმების დაცვა. თუნდაც, “ჯეოსტარის” შემთხვევაში, პირადად თქვენც ან თქვენს გაზეთს უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, რომ “რუსთავი 2”-ში შეიტანოს საჩივარი არაეთიკური გაშუქების გამო? მე ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს უფლება. დღევანდელი მდგომარეობით კი თქვენს საჩივარს ტელევიზია არ უპასუხებს. თქვენი შეკითხვა სწორედ იმას მიუთითებს, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ დროული და საჭიროა, _ აღნიშნა ანთაძემ.