"ელჩები არ უნდა იყვნენ ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა გაუაზრებელი ნაბიჯისა და არასწორი პოლიტიკის გამამართლებელი. არ შეიძლება ჩვენი ელჩები იქცეოდნენ ისე, როგორც იქცევა რუსეთის ელჩი გაეროში – ჩურკინი", _ ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ამ წუთებში, სასტუმრო "ქორთიართ მარიოტში" საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლებს ხვდება.
მისივე თქმით, ელჩები ვალდებულნი არიან ხელისუფლებას უთხრან სიმართლე, რას ფიქრობენ დასავლეთის ქვეყნებში ახალი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ.
"ეს არის ერთ-ერთი პანელი, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულად მე, მექნება საშუალება მივმართო ჩვენს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებში, საუბარი შეეხება ყველა იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ეს არის პრობლემები დემოკრატიასთან, ეკონომიკასთან და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ელჩებს გავაცნობ ოპოზიციის ხედვას, თუ რა პრობლემებია და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს.
მართალია, ელჩები, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები არიან საზღვარგარეთ, მაგრამ ისინი უნდა იყვნენ ინფორმაციის გამტარი არამხოლოდ ქვეყნიდან გარეთ, არამედ… მათ შორის როდესაც დასავლეთის ქვეყნებში ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა აკრიტიკებენ, ელჩებმა ეს კრიტიკაც უნდა ჩამოიტანონ აქ და საკუთარ ხელმძღვანელობას მოასმენინონ."
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა – ამბასადორიალი დაიწყო, რომელიც 7 აგვისტომდე გაგრძელდება.