"დასავლეთის – შეერთებული შტატებისა და ევროპის – მკვეთრი რეაქციის მოლოდინშია. "მკვეთრ რეაქციაში"“ ადამიანები უფრო იმას ელიან, რომ პუტინის სამხედრო ნაბიჯებს, დასავლეთის მხრიდან, ასევე სამხედრო ნაბიჯები დაუპირისპირდება", _ წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფორბსში" გამოქვეყნებულ წერილში.
იგი იხსენებეს 2008 წლის მოვლენებს. კონკრეტულად, აპრილში, საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა – MAP-ზე, უარის თქმას.
"…რაც პუტინმა "მწვანე შუქად" აღიქვა: მან ჩათვალა, რომ კიდევ უფრო აგრესიულად უნდა ემოქმედა და იმოქმედა კიდეც. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა.
2008 წლის აგვისტოს ომზე შეერთებული შტატების რეაქციაზე მეტყველებს საზოგადოების მიერ ყველაზე ნაკლებად დამახსოვრებული ერთი ფაქტი: საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიით გაყოყოჩებულმა პუტინმა ვენესუელის მიმართულებით სამხედრო ხომალდი დაძრა. "ჯერ ჩააღწიოს", – ასეთი იყო თეთრი სახლის პრესსპიკერის პასუხი, როდესაც მას ბრიფინგზე ამ ფაქტის კომენტირება სთხოვეს.
პუტინის ფაფხურზე (ჩვენთვის იყო ეს ტრაგედია, თორემ ნამდვილად "ფაფხური" იყო გლობალური მასშტაბით) ამგვარი ირონიული დამოკიდებულების მიუხედავად, 2008 წლის ომმა სერიოზული უხერხულობა შეუქმნა მათ, ვინც ცოტა ხნით ადრე იმედოვნებდა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებულების გაზრდა, ნავთობისა და გაზის გასაღების ევროპულ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნების სურვილი კრემლს უფრო მოზომილი საგარეო პოლიტიკის წარმოებას აიძულებდა", _ წერს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, საქართველომ 2008 წელსვე იცოდა, რომ რუსეთი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დასჯერდებოდნენ, მაგრამ რიგი პრობლემებით დატვირთულ დასავლეთს, მაშინ ერჩივნა, პუტინის აგრესიულობა ბუშის მცდარი პოლიტიკისა და ამ მცდარი პოლიტიკით წახალისებული ადგილობრივი ლიდერების (მაგალითად, პრეზიდენტი სააკაშვილი) "შეცდომებისათვის" მიეწერა.
მათი პირველი გამოფხიზლება კი კრემლის სომხეთსა და უკრაინაზე ღია ზეწოლას მოჰყვა, რამაც ხსენებული ქვეყნების მხრიდან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა გამოიწვია.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთმა თავისი ქმედებებით – 2008 წლის აგვისტო, ყირიმი, დონეცკი, ლუგანსკი, მალაიზიის ავიახაზეის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება, თავად აიძულა დასავლეთი, მისთვის მთელი რიგი სანქციები დაეწესებინა.
"… მაგრამ მას (პუტინს) სხვა არჩევანი არც ჰქონდა: რაც უფრო ავტორიტარული გახდა ქვეყნის შიგნით, მით უფრო აგრესიული და რევიზიონისტული ქცევა სჭირდებოდა ქვეყნის გარეთ; და პირიქით, რაც უფრო აგრესიული და რევიზიონისტული იყო იგი ქვეყნის გარეთ, მით უფრო ძლიერი ავტორიტარიზმი სჭირდებოდა ქვეყნის შიგნით (საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული უკმაყოფილების დასათრგუნად).
ნათელია, რომ სწორედ ეს ჩაკეტილი წრე მოუღებს ბოლოს პუტინს, "სუვერენული დემოკრატიისა" და "ახლო საზღვარგარეთის" მისეულ კონცეფციებს და საბჭოთა კავშირის აღდგენის უიმედო მცდელობას", _ წერს ჭიაბერაშვილი.